ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს დაარსებიდან ხუთი წელი შეუსრულდა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაარსებიდან ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე ცენტრის, აშშ-ის არმიისა და საზღვაო ქვეითთა პირადი შემადგენლობა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ლელა ჩიქოვანმა და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა JTEC-ის პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და ხუთი წლის იუბილე პირადად მიულოცეს.

ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ და მადლობა გამოეცხადათ. მოწვეული სტუმრებისთვის ცენტრში არსებული ტექნიკის, აღჭურვილობის, ახალი ვირტუალური და საველე სისტემების გამოფენაც მოეწყო.

„ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შეიქმნა. JTEC ყველა დონის საველე სიმულაციურ და ვირტუალურ სწავლებას, როგორც სარდლობისა და ბრიგადებისთვის, ასევე ბატალიონის, ასეულისა და ოცეულისთვის უზრუნველყოფს.

სასწავლო ცენტრის ინიციატივის განხორციელებაში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, დაარსების პირველივე დღიდან ჩართული არიან ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები. მრჩეველთა ჯგუფში ნორვეგიის, ლიეტუვისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები შედიან.

საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში JTEC-ში წარმოდგენილია აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისა და არმიის კონტინგენტები, ისევე, როგორც სამოქალაქო ექსპერტთა ჯგუფი. დღეისათვის JTEC-ის შემადგენლობაში შედის ოთხი ცენტრი: საბრძოლო მომზადების ცენტრი, სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების ცენტრი, წვრთნების შეფასების ცენტრი და სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი“, – აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშივაშაძე მამუკა არეშიძის განცხადებაზე – თუ გინდათ, მიშას და გახარიას ერთმანეთი გადაუკოცნიათ
შემდეგი სტატიავაშაძე “ნამახვანჰესზე” – არ შეიძლება ამ ბრძოლამ, ამ გამძლეობამ ვინმე გულგრილი დაგვტოვოს