„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ დასრულდა

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ოფიციალურად დასრულდა. სწავლების დახურვის საზეიმო ცერემონიალი IV მექანიზირებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
სწავლების მონაწილეებთან სიტყვით გამოსვლის დროს გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებს წვრთნების წარმატებით დასრულება მიულოცა.
„მსგავსი წვრთნები ნატოს არაწევრ ქვეყანაში პირველად ტარდება. სწავლების მიზანი იყო ნატო-საქართველოს საშტაბო ოპერაციებში ერთობლივი დაგეგმარების და შეფასების პროცედურების ათვისება. ჩვენ გავიზიარეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება. სწავლების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, გენერალ-მაიორმა ვილჰელმ გრუნმა ჩემთან საუბარში ცალსახად აღნიშნა, რომ ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მაღალ პროფესიულ დონეზე შეასრულეს მათზე დაკისრებული ამოცანა. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მომავალ გეგმებზე და გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი სწავლება დროის უფრო მცირე მონაკვეთში დავგეგმოთ და შეძლებისდაგვარად უფრო გაზრდილი მასშტაბებით ჩავატაროთ. აღნიშნული მიზნისთვის ჩვენ საშინაო დავალება გვაქვს, რომელიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას, ასევე პირადი შემადგენლობის მაქსიმალურ მობილიზებას,“ განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) 10-20 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა. მრავალეროვნული ბრიგადის დონის სიმულაციური სამეთაურო-საშტაბო სწავლება რიგით მეორეა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდა. სწავლების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პირველად უხელმძღვანელა ალიანსის კრიზისებზე რეაგირების პროცესს. ასევე, პირველად მოხდა, როცა სწავლება ნატოსა და ქართული მხარის მიერ თავიდანვე ერთობლივად დაიგეგმა.
სწავლება მიზნად ისახავდა დაგეგმარებაში, კოორდინაციასა და აღსრულებაში მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის წარმომადგენლების უნარ-ჩვევების განვითარებას. ღონისძიების სცენარი მაქსიმალურად იყო მიახლოებული რეალურ გარემოსთან.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016” ნატოს „მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT), ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM), ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC), პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა. მასში ქართველ ოფიცრებთან ერთად ალიანსის 11 წევრი (თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგია, სლოვენია, გაერთიანებული სამეფო, აშშ) და 2 პარტნიორი ქვეყნის (უკრაინა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია) 250 სამხედრო მოსამსახურე იღებდა მონაწილეობას.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განხორციელდა; პირველი სწავლება, „Agile Spirit 2015”, დაფუძნებული იყო აშშ-საქართველოს ყოველწლიურ ორმხრივ სწავლებაზე. აღნიშნულმა წვრთნამ წელს უკვე ფორმატი შეიცვალა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია : „მთავრობის შემადგენლობის ძირითადი ნაწილი იქნება იგივე”
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი უკრაინაში „ახალი ძალების მოძრაობას“ ქმნის