ნატო-სა და მოკავშირეების მიერ უზრუნველყოფილი ძლიერი მხარდაჭერა გვეხმარება, უზრუნველყოთ, რომ პუტინის სასტიკი აგრესია არ წახალისდეს და უკრაინამ გაიმარჯვოს – სტოლტენბერგი

ნატო-სა და მოკავშირეების მიერ უზრუნველყოფილი ძლიერი მხარდაჭერა გვეხმარება, უზრუნველყოთ, რომ პრეზიდენტ პუტინის სასტიკი აგრესია არ წახალისდეს და რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, – ამის შესახებ ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მისი შეუცვლელი როლისთვის, რომელიც ვაშინგტონმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ითავა.

„ნება მიბოძეთ, შევაქო შეერთებული შტატები უკრაინისთვის გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბრძოლის ველზე ყოველდღიურად. მე ასევე მივესალმები სამხედრო დახმარების ბოლოდროინდელ პაკეტს, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს დილით გამოაცხადა. ეს არის აშშ-ის ლიდერობის რეალური დემონსტრირება. ნატო-სა და მოკავშირეების მიერ უზრუნველყოფილი ძლიერი მხარდაჭერა გვეხმარება, უზრუნველყოთ, რომ პრეზიდენტ პუტინის სასტიკი აგრესია არ წახალისდება და რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ამავდროულად, ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ კონფლიქტის გამწვავება. ამიტომ ჩვენ გავზარდეთ წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, რათა არ დარჩეს არავითარი სივრცე მოსკოვის შეცდომაში შესაყვანად ნატო-ს მზაობასა და სიმტკიცესთან დაკავშირებით, რომელიც დაიცავს ნატო-ს ყველა მოკავშირეს. მინდა, მადლობა გადავუხადო შეერთებულ შტატებს, ევროპის მასშტაბით სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდისთვის – 100 000-მდე სამხედრო, რომელსაც ზურგს უმაგრებს საჰაერო და საზღვაო ძალები“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, პრეზიდენტ პუტინს სურდა ნაკლები ნატო, თუმცა მან მიიღო მეტი ნატო, მეტი ჯარი და ნატო-ს მეტი წევრი.

„ნატო-ს წევრობაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით შვედეთისა და ფინეთის გადაწყვეტილება ისტორიულია. ისინი გააძლიერებენ ჩვენს ალიანსს. ჩვენ უნდა გადავჭრათ ჩვენი ყველა წევრის უსაფრთხოების საკითხი და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, ვიპოვოთ ერთიანი გზა. ამ მიზნით, მე მჭიდრო კონტაქტზე ვარ პრეზიდენტ ერდოღანთან და ფინეთისა და შვედეთის ლიდერებთან“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში ამ სამი ქვეყნის მაღალჩინოსნებს ბრიუსელში მიიწვევს.

სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა ნატო-ს მადრიდის წლევანდელ სამიტზე.

„დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებსაც მოგვიანებით ამ თვეში, ნატო-ს მადრიდის სამიტზე მივიღებთ. ჩვენ შევათანხმებთ ნატო-ს შემდგომ სტრატეგიულ კონცეფციას, გავაძლიეროთ ჩვენი შეკავება და თავდაცვა და მოვემზადოთ მზარდი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქისთვის ისეთ ავტორიტარულ ძალებთან, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი. ეს მოიცავს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან აზია-წყნარი ოკეანისა და სხვა მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილა
შემდეგი სტატიაბექა ოდიშარია ექსპერტს ეკონომიკური განვითარების დარგში, სიდ ვაითს შეხვდა