ზურაბ ტყემალაძე: ნატო-ს წევრი ქვეყანა ვერ გავხდებით, საკმაოდ სერიოზული მიზეზების გამო

გულწრფელად გეტყვით, ნატო-ს სამიტიდან არაფერ სიახლეს არ ველოდები, – ამის შესახებ ”მრეწველების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს ვარშავაში და არაფერ სიახლეს, გულწრფელად გეტყვით, არ ველოდები. არის ყოველთვის მოგონილი პოსტულატები იმასთან დაკავშირებით, რომ აი, ახლა ჩვენ მივაღწიეთ უფრო მეტს, უფრო მეტს და ა.შ. დამერწმუნეთ, დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ნატო-ს წევრი ქვეყანა ვერ გავხდებით, საკმაოდ სერიოზული მიზეზების გამო, რომელიც არ დამალულა, არც აშშ-ის პრეზიდენტის, არც საფრანგეთის პრეზიდენტის, არც გერმანიის კანცლერის, არც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის და თავად ნატოს ხელმძღვანელობის მხრიდან”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

”მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერმა აშშ-ის სახელმწიფო მდვინის საქართველოში ვიზიტიც შეაფასა და მის მთავარ გზავნილებზე, მედიის თავისუფლებასა და არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზეც ისაუბრა.

”მედიის თავისუფლების თემა ყველასთვის და ყოველთვის ზოგადი თემაა, რომ მედია და არჩევნებიც უნდა იყოს თავისუფალი. დღესდღეობით მედიას ასეთი საშიშროება არ გააჩნია და არც არაფერი ემუქრება, არც ემუქრებოდა ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. რაც შეეხება სამართლიან არჩევნებს, მე მიმაჩნია, რომ ბოლო არჩევნები – საპრეზიდენტო და ადგილობრივი უპრეცედენტოდ ობიექტურ გარემოში ჩატარდა. ასევე აუცილებელია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ისეთ გარემოში ჩატარდეს, რომ რაიმე სახის გაუგებრობებს ან გადახვევებს ადგილი არ ჰქონდეს. მე როგორც ვიცი, ”ქართული ოცნების” ხელისუფლება, მონდომებულია იმისთვის, რომ მაქსიალურად იყოს სამართლიანი, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები ჩატარებული და ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც მოხდება”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

რაც შეეხება ამერიკასა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებას, ”მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტებიც ”ახალი არაა, რადგან საქართველოსა და აშშ-ის შორის მსგავსისამი ხელშეკრულება 2000-2001 წლებშიც გაფორმდა”.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას მიესალმება
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: ველოდებით, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი პლენარულ სესიაზე დროულად განიხილება