ნატო-ს თავდაცვის მინისტრები დღეს ბრიუსელში ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
შეხვედრა საგანგებო სესიით დაიწყო, რომელზედ ისრაელსა და ღაზაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ. შეხვედრას ვიდეოკონფერენციის საშუალებით ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტიც შეუერთდება.
შეხვედრის დაწყებამდე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დაგეგმილია საკითხთა ფართო სპექტრის განხილვა.
„განვიხილავთ საკითხთა ფართო სპექტრს – როგორ დავუჭიროთ მხარი უკრაინას, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა და შეკავების უნარი, ვისაუბრებთ კოსოვოსა და ერაყში ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებზე. ასევე, ისრაელის თავდაცვის მინისტრი გაგვაცნობს ინფორმაციას ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული საზარელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.