(Video) ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი ამ კვირაში იგეგმება

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცხადებით, რუსეთის შესახებ ყველა მიამიტური წარმოდგენა გამქრალია. ამის შესახებ აპატურაიმ „მოამბის“ კორესპონდენტთან ქეთევან ქარდავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა.
მისი თქმით, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე, არცერთი წევრი სახელმწიფო არ დახუჭავს თვალს რუსეთის ქმედებებზე.
„რაც ხდება ალეპოს, ეს კარგი ილუსტრაციაა იმის, თუ რა პოლიტიკურ და სამხედრო მიზნებს სურს მიაღწიოს რუსეთმა. ეს წარმოადგენს ნატოს უკლებლივ ყველა წევრის შეშფოთებას. არაერთმა წევრმა განაცხადა, რომ ავიაიერიშებით საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობა დაირღვა, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეფასების დროს და რუსეთთან ურთიერთობისას არ მოვახდინოთ ყურადღების კონცენტრაცია მხოლოდ ალეპოზე, არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინა, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო, მოლდოვა.
მინისტერიალზე ფართო ჭრილში განვიხილავთ ნატო–რუსეთის ურთიერთობებს. არ გვექნება კომუნიკე, მაგრამ არავინ, არცერთი წევრი სახელმწიფო არ დახუჭავს თვალს რუსეთის ქმედებებზე.
და ბოლოს, ყველაფრის მიუხედავად, მაინც გვჭირდება ხიდი, კომუნიკაციის არხები. ეს მოიცავს კონსტრუქციულ დიალოგს. პირველ რიგში, დიალოგი გვჭირდება იმისათვის, რომ ნატოს შეშფოთება გამოვხატოთ. მეორე – შევეცადოთ, რომ რუსეთი საერთაშორისო კანონმდებლობის ჩარჩოში დავაბრუნოთ. ჩვენ ეს უნდა ვცადოთ.
გავაგრძელებთ იმ გზების ძებნას, როგორ შეიძლება რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგი შედგეს და დიალოგს ჰქონდეს შედეგი. არავითარი მიამიტური შეხედულებები არ გვაქვს. რუსეთის შესახებ ყველა მიამიტური წარმოდგენა გამქრალია“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი ამ კვირაში იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3888 ლარი გახდა
შემდეგი სტატიამთავარმა პროკურორმა ეუთოს დელეგაციას უმასპინძლა