ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. დეკლარაციაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის დემოკრატიას, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდა ალიანსის ქვეყნებს, არსებითად გაზარდონ კიევისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება და გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის ეტაპობრივად უარი თქვან ენერგორესურსების იმპორტზე.

დეკლარაციას, რომლის სახელწოდებაა „უკრაინის გვერდით დგომა“ და რომელიც უმკაცრესად გმობს რუსეთის ომს, მხარი დაუჭირა ალიანსის წევრი 30 ქვეყნის 200-ზე მეტმა კანონმდებელმა.

„რუსეთის ცდილობს, დაამარცხოს უკრაინის დემოკრატია, დააშინოს სხვა სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნები და შესაბამისად, ძირი გამოუთხაროს ნატო-ს ფუნდამენტურ ღირებულებებს და მთელ დემოკრატიულ, ცივილიზებულ და მშვიდობიან მსოფლიოს“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ამერიკელმა კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ.

„ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა და პარტნიორებმა მკაფიოდ განაცხადეს: ისინი ქედს არ მოიხრიან და არც ჩვენ“, – განაცხადა კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ.

მისივე თქმით, უკრაინამ უნდა შეძლოს საკუთარი თავის ეფექტიანად დაცვა და რუსეთმა არ შეიძლება, წარმატებას მიაღწიოს.

„პუტინმა და მისმა დამხმარეებმა უნდა იცოდნენ, რომ ფასი, რომელსაც ისინი იხდიან მათი მიერ არჩეული უგუნური და მანიაკალური ომისთვის, მხოლოდ გაიზრდება“, – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშივფიქრობ, მოლდოვა და საქართველო ჯერ მზად არ არიან კანდიდატის სტატუსის მისაღებად – კალასი
შემდეგი სტატიაპოდოლიაკი – უკრაინა ვერ დათანხმდება „მინსკ 3“-ს, რადგან ეს იქნება გადადებული ომის ბილეთი