ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი – პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს მივაწოდე ინფორმაცია საქართველოსადმი ნატო-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის შესახებ

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალი ხელმძღვანელის ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, საქართველოში შეხვედრებს მართავს მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოსადმი ნატო-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის შესახებ, რომელიც ძლიერდება.

მისივე თქმით, შეხვედრებზე ასევე განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.

„შეხვედრებს ვმართავ საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთან, მათ შორის მმართველი და ოპოზიციური პარტიების, რათა განვიხილოთ სიტუაცია საქართველოსა და რეგიონში. მე ჩემს მოსაუბრეებს მივაწოდე ინფორმაცია საქართველოსადმი ნატო-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის შესახებ, რომელიც ფართოვდება და ძლიერდება. შედგა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი, რომელიც აქ, საქართველოში გასულ კვირას იმყოფებოდა. ჩვენ განვიხილეთ ასევე ამ ვიზიტის შედეგები და მოუთმენლად ველოდებით მადრიდში ივნისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.

ვინიკოვის განმარტებით, ასევე განიხილეს უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის შედეგად უსაფრთხოების კუთხით შეცვლილი გარემო.

„ეს იყო კარგი შეხვედრა. ჩემთვის ასევე საინტერესო იყო, შევხვედროდი საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე სხვადასხვა მოთამაშეს“, – დასძინა მან პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

რაც შეეხება კითხვას, რა იქნება მთავარი გზავნილები მადრიდის სამიტიდან საქართველოსა და მოლოდვასთან დაკავშირებით, – ალექსანდრე ვინიკოვი ამბობს, რომ წინასწარ ვერ ისაუბრებს, რაზე შეთანხმდებიან მოკავშირებიი. მისივე თქმით, ფოკუსი იქნება შემდეგი სტრატეგიული კონცეფციის დამტკიცებაზე, რაც არის ნატო-ს ერთ-ერთი ფუნდამენტური დოკუმენტი.

„ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რაზე შეთანხმდებიან მოკავშირეები გზავნილების კუთხით. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მადრიდის სამიტი გაიმართება გადამწყვეტ დროს და ფოკუსი იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი თავდასხმის გავლენებსა და შედეგებზე, ეს თავდასხმა არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. ფოკუსი იქნება შემდეგი სტრატეგიული კონცეფციის დამტკიცებაზე, რაც არის ნატო-ს ერთ-ერთი ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ნატო-ს სამომავლო სტრატეგიას შემდგომი ათწლეულისთვის. მე ველოდები, რომ საქართველოს წევრობის მისწრაფებები სათანადოდ აისახება საბოლოოდ მიღებულ დოკუმენტში“, – განაცხადა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა.

banner
წინა სტატიაშინატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი – მიხეილ სააკაშვილის საქმე არის საქართველოს შიდა საკითხი, ნატო ელოდება, რომ დაცული იქნება დემოკრატიული სტანდარტები
შემდეგი სტატიაგამონახეთ რამდენიმე წუთი, შეგვხვდით, თქვენი პოზიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია – გიორგი სააკაშვილის მიმართვა პატრიარქს