“უკრაინამ ბევრი რამ მიიღო ვილნიუსში გამართული ნატოს სამიტიდან და მომავალი სამიტი, რომელიც აშშ-ში გაიმართება, ჩვენთვის გამარჯვება იქნება” – ამის შესახებ უკრაინულ რადიოსთან ინტერვიუში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
“ამ სამიტიდან ბევრი რამ მივიღეთ. რა თქმა უნდა, უფრო მეტი გვინდა, როგორც ყოველთვის, მაგრამ ის, რაც მივიღეთ, ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი პრეზიდენტის დიდი გამარჯვებაა”, – თქვა დანილოვმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის პირობებში ალიანსში გაწევრიანება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, უკრაინელებმა უნდა გამოიჩინონ მოთმინება და შეასრულონ “საშინაო დავალება”, რათა ყველა პუნქტი, გამონაკლისის გარეშე, რომელიც დაკავშირებულია ნატოს წევრობის კრიტერიუმებთან, იდეალურად შესრულდეს.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო გაერთიანება, არამედ საზოგადოება, რომლის წევრიც შეიძლება იყოს დემოკრატიული ქვეყანა, შესაბამისი სასამართლო სისტემით და მრავალი სხვა კრიტერიუმით, რომლის მიხედვითაც უკრაინას “უნდა იმუშაოს და გარდაიქმნას, რათა დააკმაყოფილოს მაღალი სტანდარტები, რომლებიც ნატოს ქვეყნებში არსებობს”.
“დარწმუნებული ვარ, მომავალი სამიტი, რომელიც მომავალ წელს აშშ-ში გაიმართება, იქნება მაქსიმალურად წარმატებული. ჩვენ ამისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას გავიღებთ, მაგრამ ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებული. არა ცალკეული მინისტრის, არამედ ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, ეს არის დიდი სამუშაო, რომლის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან შეუძლებელი არაფერია”, – აღნიშნა დანილოვმა.
მან ვილნიუსის სამიტის ერთ-ერთ დიდ მიღწევად G7-ის მიერ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები დაასახელა. დანილოვის თქმით, თითოეულ ქვეყანასთან ცალკე ხელშეკრულება გაფორმდება და ამჟამად ამაზე მუშაობენ.