ნატო-ს მიერ უკრაინის სამხედრო დახმარებამ რუსეთისა და ნატოს ურთიერთობები წითელ ხაზთან მიიყვანა, ისეთ ვითარებამდე, რომლის მოთმენაც რუსეთს აღარ შეუძლია

ნატო-ს მიერ უკრაინის სამხედრო დახმარებამ რუსეთისა და ნატოს ურთიერთობები წითელ ხაზთან მიიყვანა, ისეთ ვითარებამდე, რომლის მოთმენაც რუსეთს აღარ შეუძლია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, ნატო კონფრონტაციის იარაღია, რომელიც ყოველწლიურად უფრო უახლოვდება რუსეთის საზღვრებს. პესკოვის განცხადებით, დაძაბული სიტუაციისა და ნატო-ს მოქმედებების გამო, რუსული ჯარები რჩებიან უკრაინის საზღვრებთან, მაგრამ რუსეთის ტერიტორიაზე.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში ნატო-ს თვითმფრინავების ფრენები შეინიშნება და ალიანსის ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებისკენ მიიწევს, რის გამოც მოსკოვმა საპასუხო ზომები უნდა მიიღოს.

„ჩვენ ვნახეთ დიდი რაოდენობით ინფორმაცია ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის უკრაინის ტერიტორიაზე წინსვლის, თავდაცვითი და შეტევითი იარაღის მიწოდებისა და უკრაინელი სამხედროების მომზადების შესახებ. ამან მიგვიყვანა წითელ ხაზამდე, მიგვიყვანა ისეთ სიტუაციამდე, რომლის მოთმენა აღარ შეგვიძლია. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც პუტინმა თქვა: „ბიჭებო, ეს არის რეალური საფრთხე ჩვენთვის და ეს არის რეალური საფრთხე ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. მოდი, ვიპოვოთ გამოსავალი. დაე, მოგვცენ გარანტიები, ვიფიქროთ ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის საზღვრებზე დაბრუნებაზე, თავი დავაღწიოთ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების იდეას“, – აღნიშნა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობლების, უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ, ამიტომ საფრთხე რეალურია
შემდეგი სტატიაბიძინა კულუმბეგოვი: და მაინც, რატომ არ ღირს დაგემართოს ომიკრონი