გამოცემა Reuters-ის ცნობით, NATO-ს მაღალჩინოსანმა 30 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთი ევროპაში ჰიბრიდულ ქმედებებს აძლიერებს, თუმცა, ამ ეტაპზე ალიანსი მყისიერი თავდასხმის საფრთხეს ვერ ხედავს.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსები უკრაინის მხრიდან მნიშვნელოვან წინააღმდეგობას აწყდებიან, ისინი აძლიერებენ უკრაინაზე თავდასხმებსა და ასევე ჰიბრიდულ ქმედებებს ევროპაში.
როგორც ყოველთვის, NATO ფხიზელი და ყურადღებიანი რჩება ჩვენ წინაშე არსებული საფრთხეების მიმართ. ამ ეტაპზე ჩვენ თავდასხმის მყისიერ საფრთხეს ვერ ვხედავთ,“ — აღნიშნა NATO-ს მაღალჩინოსანმა და დაამატა, რომ ალიანსი „უკრაინის გვერდით დგომას განაგრძობს და NATO გააგრძელებს დღედაღამ მუშაობას, რათა ერთი მილიარდი ადამიანის უსაფრთხოება შეინარჩუნოს.“
ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთი სერიოზულად ემზადება როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომში, ისე მთლიან რეგიონში დაძაბულობის ესკალაციისთვის.
„სხვადასხვა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ და მომდევნო შვიდი-რვა თვე ნამდვილად კრიტიკული იქნება,“ — თქვა ტუსკმა.
ამას გარდა, 25 აგვისტოს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოულოდნელად მოსკოვში ჩავიდა. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიზიტის დროს CIA-ს დირექტორმა რუსი მაღალჩინოსნები გააფრთხილა, არ მოხდეს მოსკოვის მხრიდან NATO-ს წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ესტონეთთან, ლატვიასა და ლიტვასთან, დაძაბულობის ესკალაცია.
















