ნატო-ს გენერალური მდივნისგან ძალიან მკაფიო მხარდაჭერის მესიჯები იყო

ნატო-ს გენერალური მდივნისგან ძალიან მკაფიო მხარდაჭერის მესიჯები იყო, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არასდროს აღიარებს საქართველოს ოკუპაციას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

დავით ბაქრაძის თქმით, შეხვედრაზე სამ ძირითად საკითხზე გამახვილდა ყურადღება, როგორებიცაა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა,საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი და ქართული დემოკრატია.

„სამივე თემაზე ძალიან მკაფიო მხარდაჭერის მესიჯები იყო ნატო-ს გენერალური მდივნისგან. ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არასდროს არ აღიარებს საქართველოს ოკუპაციის შედეგად მიღებულ სურათს. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გრძელდება და უახლოეს პერიოდში შემუშავებული იქნება ახალი მექანიზმები,რომელიც კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ნატოსთან მომავალი გაწევრიანების პერსპექტივით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ განსაკუთრებით გამოყო ქართული დემოკრატიის საკითხი და განაცხადა,რომ ნებისმიერი შიდა პრობლემა უკან გადადგმული ნაბიჯია და აფერხებს ნატო-ში სწრაფად გაწევრიანების პერსპექტივას.

„განხილული იქნა თემები, რომლებიც დღეს არის მნიშვნელოვანი, მათ შორის საარჩევნო საკითხი, რაზეც თავად ისაუბრა დილით ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. ერთი რამ კარგად უნდა გავიაზროთ, საქართველოში მიმდინარე პროცესები ეს არ არის ჩვენი შიდა პროცესები, ნებისმიერი გაყალბებული არჩევნები, ნებისმიერი ნაბიჯი უკან მედია თავისუფლებისკენ, ნებისმიერი პრობლემა სასამართლო რეფორმის გზაზე, ეს ამცირებს ქართული დემოკრატიის ხარისხს და ამცირებს საქართველოს შანსს, სწრაფად გახდეს ნატო-ს წევრი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიგვექნება სრული შესაძლებლობა, ვენეციის კომისიის მოსაზრებები კანონპროექტში ავსახოთ
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს