ნატო-ს 2020 წლის ანგარიში – ალიანსი აგრძელებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას

2021 წლის 16 მარტს, გამოქვეყნდა ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც შეჯამებულია ალიანსის მიერ 2020 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობები, მათ შორის ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში საქართველო თავდაპირველად ნახსენებია ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ქვეთავში. აღნიშნულია, რომ ალიანსი აგრძელებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების დამფუძნებელ პრინციპს და ალიანსის ყველაზე დიდ და ხელშესახებ წარმატებას ბოლო წლების განმავლობაში.

გენერალური მდივნის ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეძღვნება საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხს, სადაც ხაზგასმულია განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობა, რომელიც დამტკიცდა 2020 წელს. ასახულია, რომ განახლებული პაკეტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის კიბერ ლაბორატორიის განვითარებას, ნატო-სა და საქართველოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის დამყარებას, სამხედრო ინჟინრების სწავლებასა და გაუმჯობესებული ინფორმაციის გაცვლას საზღვაო და საჰაერო სივრცეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

ამასთან საგულისხმოა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი გამოკვეთილია ანგარიშის შეკავების, თავდაცვისა და დიალოგის პოლიტიკის თავში, სადაც ხაზგასმულია 2020 წელს შავ ზღვაზე ალიანსის გააქტიურების მნიშვნელობა და ამ კონტექსტში საქართველოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტულობა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის ანგარიში ადეკვატურად ასახავს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, როგორც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. დოკუმენტში ასევე ყურადღება გამახვილებულია საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის კუთხით.

banner
წინა სტატიაშიმცხეთაში სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოვლინდა
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი – დანიელსონმა პირველ შეხვედრაზე ოპოზიციას მოგვმართა, რომ რასაც ვაკეთებთ, ეს არის რუსულ ინტერესებში