,, ნატო-ს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება საქართველოს ქმედებებზე

ღია კარის პოლიტიკას, რომელიც ნატო-მ 2015 წლის დეკემბერში გამართულ მინისტერიალზე დაანონსა, საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უცხოელი ჟურნალისტისთვის, აშიშ კუმარ სენისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ატლანტიკური საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მისი შეფასებით, “დღეს საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან ძლიერია, როგორც არასდროს”.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ვარშავას სამიტზე საქართველო მაპ-ს თუ არა, საგზაო რუკას მაინც მიიღებს, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი, თუ რა კონკრეტული შედეგები იქნება ნატო-ს სამიტზე ვარშავაში.

“ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ნატო-ს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება საქართველოს ქმედებებზე, დააფიქსირებს საქართველოს პროგრესს ინტეგრაციის გზაზე და დაგვაახლოვებს ალიანსში გაწევრიანების ჩვენს საბოლოო მიზანთან”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

მისი შეფასებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია.

“საქართველოში მიმდინარე ფუნდამენტური ინსტიტუციური რეფორმების მთავარი მიზანია, მოხდეს ქვეყნის მოდერნიზება და დააყენოს ის დემოკრატიისა და კეთლდღეობის შეუქცევად გზაზე. საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხედავს, როგორც შესაძლებლობას მიაღწიოს ამ მიზნებს და შეინარჩუნოს ისინი მომავალში. პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში იქნება კარგი სტიმული საქართველოს მოსახლეობისთვის, გააგრძელოს რეფორმების მხარდაჭერა. ჩვენ არ ვეძებთ მოკლე გზებს და არ ველით სწრაფ პროგრესს ინტეგრაციის პროცესში, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია დავანახოთ ჩვენს ხალხს, რომ პროცესი არ შეჩერებულა და მას საგრძნობი შედეგი მოაქვს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში H1N1 ვირუსით 60-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე HUDOC-ის განყოფილების უფროსს შეხვდა