NATO-ს ძალები (KFOR) კოსოვოში აცხადებენ, რომ სტაბილურობისთვის საფრთხის შემთხვევაში მზად არიან კონფლიქტში ჩაერიონ

NATO-ს ძალები (KFOR) კოსოვოში აცხადებენ, რომ სტაბილურობისთვის საფრთხის შემთხვევაში მზად არიან კონფლიქტში ჩაერიონ.

”საერთო უსაფრთხოების ვითარება კოსოვოს ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტებში დაძაბულია. NATO-ს ხელმძღვანელობით KFOR-ის მისია ყურადღებით აკვირდება და მზად არის ჩაერიოს სტაბილურობის საფრთხის შემთხვევაში, მისი მანდატის შესაბამისად, რომელიც გამომდინარეობს გაეროს უშიშროების საბჭოს 1999 წლის 1244 რეზოლუციიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე დაძაბულობაა. კოსოვოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები სერბეთის საზღვართან გადაჰყავს. სერბეთის პრეზიდენტის მტკიცებით, კოსოვოს ჯარი ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას აპირებს.

კოსოვო, სადაც ძირითადად ეთნიკურად ალბანელები ცხოვრობვენ, სერებეთს 1999 წელს გამოეყო და ოფიციალურად დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებლობას 100 ქვეყანა, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, გერმანია და თურქეთი აღიარებენ. სერბეთი კი კოსოვოს დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 14 წლის შემდეგ ჩრდილოეთში მცხოვრები დაახლოებით 50 000 სერბი, სერბეთის ხელისუფლების მიერ გაცემულ სანომრე ნიშნებსა და დოკუმენტებს იყენებს. ისინი უარს აცხადებენ კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინას დაქვემდებარებული ინსტიტუტების აღიარებაზე.

​პრემიერმინისტრის ალბინ კურტის მთავრობამ განაცხადა, რომ სერბებს 60 დღის ვადას მისცემდა კოსოვოს სანომრე ნიშნების მისაღებად. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მოქალაქე, რომელიც სერბეთიდან კოსოვოში მიემგზავრება, შესვლისთვის საზღვარზე დამატებითი დოკუმენტი უნდა მიიღონ.

ანალოგიური წესი მოქმედებს კოსოველების მიმართ, რომლებიც სერბეთში ჩადიან.

კოსოვო-სერბეთის საზღვარზე, დაძაბულობის გამო, აშშ-სა და ევროკავშირის კონსულტაციების შემდეგ, მთავრობამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას პირველ სექტემბრამდე გადაავადებდა.

banner
წინა სტატიაშიადამ კინზიგერი საქართველოსთვის HIMARS-ების გადაცემას ითხოვს
შემდეგი სტატიაგუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველების და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება