რუსეთში, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში “სათადარიგო პრეზიდენტად” წოდებულმა დიმიტრი მედვედევმა ნატოს წევრ ქვეყნებზე პრევენციული დარტყმების განხორციელება მოითხოვა და განაცხადა, რომ “დასავლეთს სისხლში ღალატი უჩქეფს”, ამიტომ რუსეთი არაფერს არ უნდა დაელოდოს.
სააგენტო TASS-თან ინტერვიუში “ზაპასკა-პრეზიდენტმა” განაცხადა, რომ რუსეთმა საჭიროდ უნდა ჩათვალოს პირველი დარტყმის განხორციელება და არ დაელოდოს ალიანსის მხრიდან თავდასხმას, რადგან დასავლეთს „სისხლში ისევ ღალატი უჩქეფს და თან სძლევს საკუთარი უპირატესობის ავადმყოფური და ღრმად მოძველებული განცდა.“
„ჩვენ შესაბამისად უნდა მოვიქცეთ. სრულად ვუპასუხოთ. დასავლური ელიტებისთვის დამოუკიდებელი და ძლიერი რუსეთი ყოველთვის ისტორიული ანომალია იყო და ამასთან ერთად – მათი “ცივილიზაციური უპირატესობის” მეტად დამაჯერებელი უარყოფა. ის, რაც დღეს ხდება — პროქსი-ომი, რომელიც რეალურად სრული მასშტაბის ომია, სანქციების პაკეტები, ხმამაღალი განცხადებები ევროპის მილიტარიზაციაზე — ეს ყველაფერი კიდევ ერთი მცდელობაა, გაანადგურონ მათთვის საძულველი “ისტორიული ანომალია”— ჩვენი ქვეყანა, რუსეთი,“ — განაცხადა მედვედევმა.
მისივე თქმით, რუსეთმა, რომელმაც ომი დაიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა“ და „დენაციფიკაციის“ მიზნებით, უკრაინას „შანსი მისცა, რომ შეწყვეტილიყო სხვის სისხლიან გეოპოლიტიკურ თამაშებში ყოფნა უბრალო ფიგურად“ და დაამატა, რომ საჭიროა უკრაინაში „დეპარაზიტიზაციის“ ჩატარებაც.

















