თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელის, ბურჰანეტინ დურანის განცხადებით, ანკარაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ლიდერები ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებულ საფრთხეებს, უკრაინაში შექმნილ ვითარებასა და ალიანსის სამხრეთ სამეზობლოში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.
დურანის განმარტებით, შეხვედრაზე თავდაცვის ინვესტიციების გაზრდისა და ბლოკის შეკავების პოლიტიკის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები „360-გრადუსიანი პერსპექტივიდან“ შეფასდება.
„ლიდერები სტრატეგიულ დონეზე გაცვლიან მოსაზრებებს ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებულ საფრთხეებზე, რისკებსა და გამოწვევებზე; განიხილავენ უკრაინაში არსებულ სიტუაციას და ალიანსის სამხრეთ სამეზობლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს“, — აღნიშნა მან.
ჩრდილოატლანტიკური საბჭო მოკავშირე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე 8 ივლისს შეიკრიბება. სხდომას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს, რომელიც სამიტის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების 36-ე სამიტი ანკარაში 7-8 ივლისს არის დაგეგმილი.

















