NATO პოლონეთში უკრაინელი სამხედროებისთვის სასწავლო ცენტრს შექმნის

NATO-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების გადაწყვეტილებით, პოლონეთში უკრაინელი სამხედროების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისა და NATO-ს ქვეყნების სამხედრო პერსონალისთვის გამოცდილების გასაზიარებლად, სასწავლო ცენტრი შეიქმნება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, დავაარსოთ NATO-უკრაინის ერთობლივი სასწავლო და სამხედრო საგანმანათლებლო ცენტრი პოლონეთში, ბიდგოშჩში, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, გაიზიაროს რუსეთის ომიდან მიღებული გაკვეთილები და შექმნას ჩარჩო უკრაინული ძალებისთვის NATO-ს ძალებთან ერთად წვრთნისა და ვარჯიშისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდში დგომას – მისი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა ალიანსის ხელმძღვანელმა.

სტოლტენბერგის განცხადებითვე, ჯერ კიდევ ბევრი დეტალია გასარკვევი, თუმცა მთავარია მოკავშირეებმა პოლიტიკურ დონეზე უკვე გადაწყვიტეს სასწავლო ცენტრის შექმნა. ინიციატივა უახლოეს თვეებში განხორციელდება.

“ჩვენი ექსპერტები ამჟამად დეტალებს ამუშავებენ და ველით, რომ ნატოს ლიდერები გადაწყვეტილების მიღებას ამ წლის ბოლოს შეძლებენ”, – განაცხადა მან.

როგორც ცნობილია, ბრიუსელში ალიანსის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა გაიმართა. ღონისძიებაში ტელეკონფერენციის საშუალებით მონაწილეობდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმიეროვი.

banner
წინა სტატიაშიპირზე, რომელსაც 14 წლის ასაკს მიუღწეველი დისშვილის გაუპატიურებისთვის 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ძებნა გამოცხადდა
შემდეგი სტატიაIDF: “ჰამასის” მეთაური აჰმედ ღული ლიკვიდირებულია