ნატო ოთხ მკაფიო ნაბიჯს გადადგამს, რათა საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოებაში უფრო მეტად ჩაერთოს

NATO Spokesman, James Appathurai briefing the press

ნატო ოთხ მკაფიო ნაბიჯს გადადგამს, რათა საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოებაში უფრო მეტად ჩაერთოს, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

მისი თქმით, მხარდაჭერის ახალი პაკეტის გადაცემის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ორი მიზეზი აქვს. პირველი – საქართველო არის ნატოს არაწევრი იმ ქვეყნების ჯგუფში, რომელთანაც მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა გვაკავშირებს.

„საქართველოსთან ეს თანამშრომლობა ნამდვილად საუკეთესო და სამაგალითოა და ჩვენ მისი გაღრმავება გვსურს. მეორე მიზეზი არის ის, რაც ყველამ ვიცით, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაცია გაუარესდა. ეს სიტუაცია გაუარესდა საქართველოსთვის, უკრაინისთვის და ნატოს წევრებისთვისაც.

ამის მიზეზი არის რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოში, უკრაინასა და ყირიმის ნახევარკუნძულზე. რუსეთმა ყირიმი გამოიყენა შავ ზღვაში სამხედრო ძალის გასაზრდელად. ეს ახდენს გავლენას როგორც ჩვენზე, ისე საქართველოსა და უკრაინაზეც“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს რადიოსთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ნატოს სურს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით, შავი ზღვის კონტექსტში.

„აქედან გამომდინარე ვაპირებთ შემდეგი ნაბიჯების გადადგმას. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ჩავრთავთ საქართველოს უფრო მეტ აქტივობაში, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ „ჰიბრიდულ თავდაცვას“.

საუბარი მაქვს იმ ხერხებისა და საშუალებებისგან თავდაცვაზე, რომელსაც რუსეთი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იყენებს, როდესაც მაგალითად, საქმე ეხება კიბერთავდასხმებს ან დეზინფორმაციას, ენერგეტიკულ ბლოკადას, შენიღბულ სადაზვერვო ან სამხედრო აქტივობას. ყველა ამ ხერხს ჩვენ განვიხილავთ ერთი პაკეტის ნაწილად, რადგან ეს ნამდვილად ასეა.

ჩვენ ვმუშაობთ უკრაინასთან და საქართველოსთან ამ საკითხებზე. ჩვენ განვამტკიცებთ თანამშრომლობას, რომ დავიცვათ თავი ასეთი საფრთხეებისგან“, – აღნიშნა აპატურაიმ.

მისივე თქმით, მეორე საკითხია, რომ საქართველოს ჰქონდეს სამეზობლო საჰაერო სივრცის უკეთესი, გაუმჯობესებული სურათი.

„ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელშიც საქართველოს ჩართვა გვსურს. ეს არის „საჰარეო სივრცის უსაფრთხოების პროგრამა“, რომლის საშუალებითაც საქართველო უკეთესად აღიქვამს, რა ხდება მის საჰაერო სივრცეში.

ახალი პაკეტის კიდევ ერთი კომპონენტი არის, ქართველებისა და უკრაინელების უფრო მეტი ჩართულობა ერთობლივ სწავლებებში. განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქართველოს „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენელობის სკოლა“ და „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი“ ძალიან კარგად მუშაობს.

ვიმედოვნებთ, რომ იქ მეტ უკრაინელს ვიხილავთ. და ბოლოს, ჩვენი მოკავშირეები, ნატოს წევრები განიხილავენ საქართველოს უფრო მეტ ჩართულობას სამხედრო სწავლებებში. მათ შორის, რეგიონში. ასე რომ, ჩვენ გვაქვს გაწერილი ოთხი მკაფიო ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ვაპირებთ, რათა საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უფრო მეტად ჩაერთოს“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე – იმედი არის, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს პრეპარატ „რემდესევირს“
შემდეგი სტატიასოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების მეორე ეტაპი მიმდინარეობს