ნატო-მ ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო

ნატო-მ ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო. როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება, ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელმა განაცხადა.

„ნატო-ს მოკავშირეებმა აპრილის შუა რიცხვებში გადაწყვიტეს, რომ მტკიცე მხარდაჭერის მისიის ძალების გაყვანას პირველი მაისისთვის დაიწყებდნენ და ეს დაიწყო. ეს იქნება მოწესრიგებული, კოორდინირებული და წინასწარ განზრახული პროცესი“, – განუცხადა „ფრანს პრესს“ ნატო-ს წარმომადგენელმა.

როგორც ალიანსში აღნიშნავენ, ამ პროცესის თითოეულ ნაბიჯზე კოალიციური ჯარების უსაფრთხოება იქნება მთავარი პრიორიტეტი. ნატო-ს განცხადებით, პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომას მიმართავენ.

„ძალების გაყვანის პროცესში „თალიბანის“ ნებისმიერ თავდასხმას ძლიერი პასუხი მოჰყვება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ჯარების გაყვანა დასრულდება რამდნიმე თვეში“, – აცხადებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

შეგახსენებთ, რომ აპრილის შუა რიცხვებში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ძალებს 11 სექტემბრისთვის, 2001 წლის ტერორისტული თავდასხმებიდან 20 წლისთავისთვის გაიყვანს. აღსანიშნავია, რომ მისი წინამორბედი, დონალდ ტრამპი ავღანეთიდან ჯარების გაყვანას პირველი მაისისთვის გეგმავდა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – მე მინდა გამარჯვების ფორმულა
შემდეგი სტატია“ქართულმა მარშმა” პრემიერს წერილი დაუტოვა