ნატო იშლება, ხოლო უსუფაშვილი მოქალაქეებს ნატო-ს ნანგრევების ქვეშ ყოფნას სთავაზობს

დეპუტატი თამაზ მეჭიაური არც ნინო ბურჯანაძის საკონსტიტუციო ინიციატივას უჭერს მხარს და მისთვის პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო პროექტიც მიუღებელია.

”მე ისედაც ვუჭერ მხარს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე საერთოდ არ იყოს განლაგებული უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები, მაგრამ არ ვიცი, რამდენად სწორია ამის კონსტიტუციის დონეზე აყვანა. შეიძლება მომავალში ისეთი ვითარება შეიქმნას, როდესაც რაღაც ფორმით ვინმეს დახმარება გახდეს საჭირო – თუნდაც დროებით ბაზების განლაგება, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იქნება. ”უბლოკო სტატუსის” შესახებ კონსტიტუციური ცვლილებებით კი შესაძლოა ჩიხში შევიდეთ და მოვლენები ფატალური შედეგით დასრულდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს თამაზ მეჭიაურმა.

იგი მიიჩნევს, რომ კომიკურია აჟიოტაჟი, რომელიც რუსული ბაზების დაკანონების შესახებ ”ცენტრისტების” საარჩევნო მოწოდებამ გამოიწვია.

”თუ პოლიტიკური ძალისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის მიზეზი სხვისი სამხედრო ძალების დაკანონების მოწოდება უნდა გახდეს, ასეთი საბაბი შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა იმ პარტიების მიმართ, რომლებიც ნატო-ს ძალების განლაგებას და ნატო-ს წვრთნებს უჭერენ მხარს, მათ შორისაა ”ქართული ოცნება”, ”რესპუბლიკური პარტია”, ”თავისუფალი დემოკრატები” და სხვა მთელი რიგი პარტიები”, – ამბობს მეჭიაური.

რაც შეეხება დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო ინიციატივას – კონსტიტუციაში ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხის ჩაწერის თაობაზე, მეჭიაური აცხადებს, რომ ნატო იშლება, ხოლო უსუფაშვილი მოქალაქეებს ნატო-ს ნანგრევების ქვეშ ყოფნას სთავაზობს.

”ჯერ ჩვენი ხალხი ისე არ გატუტუცებულა, რომ ასეთი არჩევანი გააკეთოს, თუ მას სწორად ავუხსნით”, – განუცხადა ჟურნალისტებს მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაში,, 2020 წლამდე საქართველოს განვითარების პროგრამად წოდებული დოკუმენტი, გამოქვეყნებისთანავე მკვდრადშობილად იქცა”
შემდეგი სტატია“შეეძლო მხარი დაეჭირა მაშინ, როცა “ნაციონალურმა მოძრაობამ” დავაყენეთ საკითხი,”