ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო ინფორმაციას ავრცელებს.

„2019 წლის 23 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დედა-შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ გ. ყ.-ს მიმართ. ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს და ბრალდებული დამნაშავედ ცნეს ორი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ჯგუფურად, ანგარებით და არაერთგზის ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მისაკუთრების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვასა და ტარებაში.

საქმე ეხება, 2014 წლის დეკემბერის თვეში, ქ. თბილისში, დაბა კოჯორში გ. კ.-ს მკვლელობას, რა დროსაც ბრალდებულმა, აგარაკზე მოტყუებით მიყვანილ გ. კ.-ს მალულად, უკნიდან რამოდენიმეჯერ დაარტყა წინასწარ მომარჯვებული დანა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა. კვალის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა ვ. გ-სთან ერთად გვამი მოათავსა პლასტმასის კასრში, რომელშიც მათ ჩაასხეს ქიმიური მჟავა, რათა მოეხდინათ გვამის დაშლა. მიუხედავად ამისა, გვამი არ დაიშალა, რის გამოც კასრში ჩაყარეს ცემენტი და კასრი, მასში მოთავსებული გვამითურთ, დამარხეს აგარაკის ეზოში. დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, იმავე დღეს, გ. ყ. და ვ. გ. მივიდნენ ქ. თბილისში, თბილისის ზღვაზე მდებარე გ. კ.-ს დედის ნ. კ.-ს საცხოვრებელ ბინაში. ბრალდებულმა, კისრის არეში, წინასწარ მომარჯვებული დანის ჩარტყმით მოკლა ნ. კ., რის შემდეგადაც, ბინიდან დაეუფლა დაახლოებით 12 000 აშშ. დოლარს, ძვირფას ნივთებს, ლეპტოპს და გ. კ.-ს სახელზე რეგისტრირებულ ორ ცეცხლსასროლ იარაღს, რომელსაც შემდგომ ინახავდნენ სოფელ ნორიოში მდებარე ღვთაების მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი 9 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღეს“, – აცხადებენ სასამართლოში.

უწყების ცნობით, განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.

banner
წინა სტატიაში“ოცნება” ეკა ბესელიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
შემდეგი სტატიაევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება – პაატა სალია განმარტებებს აკეთებს