ნატო ჩხეიძე – სამღვდელოება იცავს ზნეობას, ნახეთ, როგორი კვალიფიციურობით საუბრობენ სამღვდელო პირები კანონპროექტებზე

რჩება შთაბეჭდილება, რომ მარიხუანას შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგი არის მხოლოდ სამღვდელოება და მეტი არავინ, – ამის შესახებ „პატრიორტთა ალიანსის“ დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამღვდელოება ზნეობას იცავს.

„სამღვდელოება არის მრევლის წარმომადგენელი და მრევლი არის საზოგადოება. სამღვდელოება იცავს ზნეობას. ილია მართალმა ბრძანა და ალბათ, ახლაც უნდა დავუგდოთ ყური ილია ჭავჭავაძეს, რომ ადამიანის თავისუფლება გადის ზნეობრიობაზე და ზნეობრიობის იქით ყოველგვარი თავისუფლება არის თვითნებობა და ძალადობა“, – განაცხადა ჩხეიძემ.

დეპუტატის შეფასებით, ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის თვითნებობა და ძალადობა.

„აქ ბრძანეს სულგაყიდული ადამიანებიო, ვერ გეტყვით რომელია, მაგრამ ძალიან უპასუხისმგებლოც არ არის და უფრო მეტია, რადგან ალბათ, ის გადაწყვეტილება არის დიდი განზრახულობის ერთი რგოლი, განზრახულობისა, რასაც ნარკოპლანტაციების გაშენება ჰქვია საქართველოში. რა თქმა უნდა, ამას რაღაც უნდა დაუპირისპირდეს. აი დაუპირისპირდნენ ამ რეგულაციებით სწორედ – „ხმა ღვთისა და ხმა ერისა“-ს სულისკვეთებით და არა საკონსტიტუციო სასამართლოს სულისკვეთებით, რომ ძალიან სწრაფად შემუშავდა რეგულაციები და ძალიან სწრაფად უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

დეპუტატის შეფასებით, რეგულაციებში უამრავი საფრთხეა.

„ალბათ ჩვენი მოვალეობაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება რაღაც სახით შეიცვალოს, თუნდაც რეფერენდუმით. ასევე, აუცილებლად მინდა ვთქვა, დღევანდელი სხდომა არის არა მხოლოდ ზნეობრიობის დაცვა და ბურჯია ეკლესია ზნეობრიობისა, არამედ განათლებისაც. ნახეთ როგორი კვალიფიციურობით საუბრობენ ჩვენი სამღვდელო პირები კანონპროექტებზე და ალბათ, ეს არის ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენ დეპუტაცია ნებისმიერ კანონპროექტს, ანუ სულიერად ზნეობრივად და დიდი განათლებით“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. განხილვაში სასულიერო პირებიც მონაწილეობენ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარეებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
შემდეგი სტატიალენტეხში მოსახლეობა „ხელედულა-3 ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს