ნატო ჩხეიძე დავით გარეჯთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს

დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე დავით გარეჯთან დაკავშირებით სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ დეპუტატმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ბოლოდროინდელი ყველაზე მღელვარე მოვლენები საქართველიში იყო პანკისის ხეობასა და დავით გარეჯში.

პარლამენტს მართებს, რომ ეს მოვლენები შევაფასოთ არა პარტიულ-ტენდენციური თვალთახედვით, არამედ სახელმწიფოებრივი გადმოსახედიდან, რადგან ის ჯერაც არ ჩამცხრალა და შესაბამისად, საჭიროა ძალიან სერიოზული, გააზრებული  და აწინ- დაწონილი მიდგომა.

რადგან ახლა საპარლამენტო ქვეყანა ვართ, ამ რთულ ვითარებაში სწორედ პარლამენტმა უნდა შეიმუშავოს მიზანდასახული გეგმა და კონტროლი გაუწიოს მთავრობის მხრივ მის შესრულებას.

როგორც საზოგადოების საერთო განწყობილება ცხადყოფს, აუცილებელია ანგარიში გაეწიოს პანკისის ხეობის მოსახლეობის სურვილს და ძალადობრივად არ მოვახვიოთ თავს არც არაფერი და მით უფრო
საქვეყნი ინტერესების საბურველში გახვეული პირადმერკანტილური მიზნები.

დასაფასებელია პანკისელთა სახელმწიფოებრივი აზროვნება თავიანთი შეფასებებისა თუ მოქმედებების დროს,
დასაფასებელია, რადგან პანკისი ის ხეობაა, სადაც მთავრობის გაუმართლებელი მოქმედებით შეიძლება ადვილად ისარარგენლოს ქვეყნის არაკეთილმოსურნემ და ამ ხეობასაც წაეპოტინოს.

დასაფასებელია ჩვენი სპეცრაზმელების უმრავლესობის სახელმწიფოებრივი აზროვნებით გამსჭვალული მოქმედებაც – თავშეკავებული და არა ძალადობრივი. აშკარად ჩანდა, რომ მათ ( უმრავლესობამ) არ შეასრულა ფაქტობრივად უკანონო ბრძანება, აშკარად უღიმღამოდ იმოქმედეს თავისი მოქალაქეების პირისპირ,
რისთვისაც საზოგადოების მადლობას იმსახურებენ ისევე, როგორც  ამ 30 წლის წინანდელი მილიციელები  9 აპრილის ტრაგიკულ ღამეს.

საქართველოს ისედაც ვირტუალური საზღვრები კიდევ ერთხელ გადმოითელა ამჯერად კეთილმეზობელი აზერბაიჯანის მხრიდან. მთავრობა ირწმუნება, რომ პრობლემა მოგვარებულია , მაგრამ გააჩნია რა აზრს დებენ მოგვარებაში, ჩვენ რომ ვზარალდებით და ტერიტორიას და ისტორიულ ძეგლებს ვკარგავთ,-ეს აშკარაა.

ამიტომ სწორედ პარლამენტის მიერ საგანგებოდ და სასწრაფოდ შექმნილმა კომისიამ,  ცხადია, სპეციალისტების ჩართვით, უნდა დაადგინოს ისტორიული საზღვარი და ამ პროექტის საფუძველზე მთავრობამ  უნდა იზრუნოს სადემარკაციო ხაზის გასავლებად,  ჯერ ამ უბანზე და მერე თანდათანობით, ქვეყნის დაუზუსტებელი საზღვრების დარჩენილ 30 % -ზეც.

ვფიქრობ, ბ- ნო თავმჯდომარევ, და ბატონი თავმჯდომარის პირველო მოადგილევ,  რომ ასეთი კომისია სასწრაფოდ არის შესაქმნელი.

აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის კვირაა და ვისურვოთ, რომ ხელი მოგვემართოს ამ
და ყველა სხვა  კეთილ საქმეში,“ – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

banner
წინა სტატიაში,,დღეს ხელისუფლებაში ვინც არის, ხვალ ოპოზიციაში იქნება, ან ოპოზიციაშიც არ იქნება” – ეკა ბესელია
შემდეგი სტატიატრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალის ათი ბავშვიდან ორი ქუთაისის საავადმყოფოში რჩება