იენს სტოლტენბერგი – რუსეთი იყენებს სამხედრო ძალებს მეზობლებისთვის საფრთხის შესაქმნელად, ეს ვნახეთ საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს რუსეთთან კონფრონტაცია არ უნდანატო-ს ბრიუსელის შეხვედრაზე მსოფლიო ლიდერებმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხი განიხილეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსს აქვს საერთო ხედვა და ინარჩუნებს ორმაგ მიდგომას.

„ნატო ცდილობს, რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს, მაგრამ არის საკითხები, რომლებზეც ნატო-სა და რუსეთს განსხვავებული ხედვა აქვთ. ნატო არის თავდაცვითი ორგანიზაცია. ალიანსს არ სურს რუსეთთან დაპირისპირება. ვაღიარებთ, რომ რუსეთი ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელია და ასე იქნება მომავალშიც.

ვაკეთებთ ყველაფერს, რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, მაგრამ ამავე დროს, ნატო-მ უნდა მიიღოს თავდაცვითი ზომები. ამ ზომებით კონფლიქტების და ომის პრევენციას ვახდენთ.

როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი არამარტო თავდაცვით ხარჯებს ზრდის, არამედ სამხედრო ძალებს იყენებს ევროპაში საზღვრების შესაცვლელად, აგრესიულ ნაბიჯებს მიმართავს უკრაინაში, აგრძელებს ყირიმის ანექსიას და აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციას ქმნის, რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში ნატო-მ უნდა იმოქმედოს. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე, არავის უფიქრია პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნატოს 4 ბატალიონის გაგზავნა, რასაც აკეთებს ნატო თავდაცვის მიზნით. ეს არის რუსეთის ქმედებებზე პროპორციული პასუხი,-” განაცხადა სტოლტენბერგმა.

პრესკონფერენციაზე გენმდივანმა რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე საუბრისას საქართველოც ახსენა.

„ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ რუსეთი იყენებს სამხედრო ძალებს მეზობლებისთვის საფრთხის შესაქმნელად. ვნახეთ საქართველოში, ვნახეთ მოლდოვაში, უკრაინაში. ვისმენთ საფრთხის შემცველ რიტორიკას. ამიტომ, ნატო-ს ჰქონდა რეაქცია, მაგრამ დაბალანსებული რეაქცია. ჩვენ არ გვსურს კონფრონტაცია და ახალი ცივი ომი”,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”

banner
წინა სტატიაშირა მოსთხოვა თურქეთის პრემიერმა კვირიკაშვილს – გიულენის სკოლებთან დაკავშირებით?
შემდეგი სტატიარა თანხას მიიღებს აშშ-დან საქართველო და უკრაინა