ნათია თურნავა : პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ეკონომიკური და ანტიკრიზისული პოლიტიკის ეფექტიანობას

მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდილი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ რეალობას, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქსტატის მიერ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე კვარტლის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 237.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.5 პროცენტით მეტია 2019 წლის მეორე კვარტალის მაჩვენებელთან შედარებით.

ნათია თურნავას თქმით, პოზიტიური დინამიკა გლობალური პანდემიის ფონზე მიმდინარეობს და იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ექსპერტები მსოფლიოში ინვესტიციების 40%-იან ვარდნას ვარაუდობენ.

„ამის ფონზე ჩვენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა გვაქვს. საინტერესოა, რომ ეს ზრდა მოდის ისეთ დარგებზე, როგორიცაა მშენებლობა, ენერგეტიკა, სამთომოპოვებითი დარგი, გადამამუშავებელი დარგები, ისეთი დარგები, რომელსაც მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ ჩვენი მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების მეშვეობით. ეს კვლავ ადასტურებს ჩვენი ეკონომიკური და ანტიკრიზისული პოლიტიკის სისწორეს და ეფექტურობას. ასევე საინტერესოა, რომ ქვეყნების მიხედვით კვლავაც ლიდერობს აშშ და ევროპული ქვეყნები. ეს არის ხარისხიანი ინვესტიციები, რომელსაც მოყვება არა მხოლოდ ფინანსური რესურსი და დასაქმება, ასევე ახალი სამეწარმეო კულტურა და ახალი ტექნოლოგიები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე : მხოლოდ სადღეგრძელო და საუბარი, რომ საქართველო ყველაზე მდიდარი უნდა იყოს, საკმარისი არ არის, საჭიროა კონკრეტული ხედვა
შემდეგი სტატიაბათუმში იუსტიციის სახლი დროებით დაიკეტა – ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა