ნათია თურნავა : მთავრობის ორეტაპიანი გეგმის ფარგლებში, 2024 წლის ბოლოს საქართველოს გაზიფიცირების მაჩვენებელი 90 პროცენტს გადააჭარბებს

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოს რეგიონებში მიმდინარე აქტიური გაზიფიცირების პროცესი გაგრძელდეს 2022-24 წლებში და დამატებით, ქვეყნის კიდევ 211 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდეს, – ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი, ორეტაპიანი გეგმის გეგმის ფარგლებში, 2019 წლიდან დაწყებული, 2024 წლით დასრულებული, დამატებით 600 დასახლებულ პუნქტზე მეტი იქნება ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი და ქვეყნის გაზიფიცირების დონე 90 პროცენტს გადააჭარბებს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, მიმდინარე გეგმის ფარგლებში, უკვე გაზიფიცირდა ან უახლოეს თვეებში დასრულდება სამუშაოები საქართველოს 384 დასახლებულ პუნქტში და მთლიანად, გაზიფიცირებული ოჯახების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 1 400 000 მიაღწევს.

„ეს პროექტი მიმდინარეობს წარმატებით და მიუხედავად კოვიდისა, სამუშაოები ვადაზე ადრე სრულდება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ უფრო მეტი იყოს გაზიფიცირების დაფარვა და რეგიონებში გაფართოვდეს ეს ქსელი, შესაბამისად, დავამტკიცეთ გეგმის გაგრძელება 2022-24 წლებში“, – აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის შეფასებით, „ეს არის იმ ახალი პრიორიტეტების ნათელი გამოხატულება, რაც სახელისუფლებო გუნდმა დაადგინა“.

„2012 წლამდე ძირითადი აქცენტი კეთდებოდა თბილისზე და მხოლოდ დედაქალაქი იყო სრულყოფილად დაფარული გაზის ინფრასტრუქტურით, ახლა ჩვენი ძირითადი საზრუნავი არის რეგიონებში და ეს სიკეთე რეგიონებში იქნება ძალიან ფართოდ წარმოდგენილი“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ცდილობს, ეპიდემიაც პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს, მოვუწოდებ მათ მეტი პასუხისმგებლობისკენ
შემდეგი სტატიატანსაცმელი, რომელიც ესებუას კადრებში აცვია, მამამ ჟურნალისტებს გამოუტანა