ნათია თურნავა : მინდა, მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის აუცილებლობის გაუქმებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიესალმება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის აუცილებლობის გაუქმებასთან დაკავშირებით.

საუბარია მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ ნებართვა გერმანიაში მგზავრობისათვის, კონკრეტული მიზნით, იქნება ეს სამსახურებრივი გარემოება, განათლების მიღება-გაგრძელება, მკურნალობა, 15 ივნისიდან მოხსნილი აქვთ კარანტინის გავლის ვალდებულება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, მათ შორის, პირადად გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანს თომას ბარაისს, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ მქონდა ონლაინ შეხვედრა, საქართველოს აღიარებისთვის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის კარანტინის აუცილებლობის გაუქმების გამო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტიანი იყო და ამ ეტაპზეც სწორად ვმართავთ ვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ მალე საქართველოში გერმანელ ტურისტებსაც ვუმასპინძლებთ, რომლებიც უსაფრთხოდ შეძლებენ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან თომას ბარაისთან ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლისა და ტურისტულ სექტორში თანამშრომლობის აღდგენის საკითხები რამდენიმე დღის წინ პირადად განიხილა. ონლაინ შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან მიმართებაში არსებული დადებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველო არ შედის რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც რისკის შემცველად ითვლება და გერმანიაში ამ ქვეყნებიდან ჩასული მგზავრები სავალდებულო წესით ექვემდებარებიან კარანტინში გადასვლას.

banner
წინა სტატიაში„მზიურში“, ყოფილი საბაგიროს შენობაში თანამედროვე ხელოვნების გალერეა-მედიათეკა მოეწყობა
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი : ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს დანაშაული, როცა საუბარია ოკუპანტი ქვეყნიდან წამოსულ გარკვეულ მოქმედებებზე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლაც