ნათია თურნავა : ყველა უწყება, რომელსაც მოზარდებთან აქვს შეხება, თავის პოლიტიკას და არსებულ პრობლემებს გადახედავს

მოზარდებთან ურთიერთობის პრობლემის საკითხზე ყველა სახელმწიფო უწყება თავისი კომპეტენციის ფარგლებში ფიქრობს და ზრუნავს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ეკონომიკის მინისტრმა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა.

„პირველ რიგში, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, არა მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. ძალიან მიჭირს, როგორ შეიძლება, მშობელს შეუმსუბუქო შვილის ასეთი ტრაგიკული დაკარგვა. ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია. მეც, როგორც მთავრობის წევრი, როგორც დედა ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ლუკას გარდაცვალების გამო. ზოგადად, ეს არის პრობლემა, ამ პრობლემაზე ყველა სახელმწიფო უწყება თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ფიქრობს და ზრუნავს, ვსაუბრობ მოზარდებთან ურთიერთობის პრობლემაზე. ყველა უწყება, ვისაც რამე შეხება აქვს მოზარდებთან, გადახედავს თავის პოლიტიკას და არსებულ პრობლემებს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხებზე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა იმართება.

„დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება პირველი შეხვედრა, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას და ვისმჯელებთ, როგორ შეიძლება, გავაუმჯობესოთ მოზარდებთან ურთიერთობის პრაქტიკა და პოლიტიკა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, კითხვაზე უნდა დადგეს თუ არა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხი, მინისტრი ამბობს, რომ საკითხის პოლიტიზებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

„თავი შევიკავოთ ამ საკითხის პოლიტიზებისგან. მიმდინარეობს დამოუკიდებელი მოკვლევა და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. თქვენ პროკურორი ბრძანდებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიჩხენკელი: მანდატურის და უსაფრთხოების სამსახურები კერძო სკოლებშიც უნდა გადამზადდნენ
შემდეგი სტატია15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა