ნათია თურნავა: დარწმუნებული ვართ, მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაბედულად შემოვა ჩვენთან ამერიკული ბიზნესი

ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ძალიან მნიშვნელოვან დროს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო დადასტურება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატებიდან სწორედ იმ დროს განხორციელდა ვიზიტი, როდესაც ყველაზე ბევრი გამოწვევა არის ჩვენს წინაშე, მათ შორის პანდემია, მათ შორის ეკონომიკური კრიზისი, რეგიონში სხვადასხვა პროცესები. კვლავაც და კვლავაც ეს არის დადასტურება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდში არის ყოველთვის.

რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ბოლო წლებში საგრძნობი პროგრესი გვაქვს ამ თვალსაზრისით, მაგრამ ახლა დადგა დრო, რომ თვისობრივად ახალ ეტაპზე ავიყვანოთ ჩვენი თანამშრომლობა ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს ეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე უკვე ფორმალური მოლაპარაკების დაწყებას, რისთვისაც ჩვენ პრაქტიკულად მზად ვართ და ყველა წინაპირობა შესრულებულია. ვიმედოვნებ, ეს უახლოეს პერიოდში დაიწყება. ეს ეხება მეტ ამერიკულ ინვესტიციას საქართველოში“,- განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ პომპეოს ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაბედულად შემოვა ამერიკული ბიზნესი.

„დღესაც ამერიკის შეერთებული შტატები შედის ტოპსამეულში ჩვენი უმსხვილესი ინვესტორების. მიუხედავად პანდემიისა, პირველი ორი კვარტალის მონაცემებით ეს ასეა, 50 მილიონ დოლარამდე არის ჩადებული ამერიკული ინვესტიცია. მხოლოდ წელს, მიუხედავად პანდემიისა, ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობენ ამერიკელი ინვესტორები, ამერიკის საფინანსო კორპორაცია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული პოტენციალი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ პომპეოს ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაბედულად შემოვა ჩვენთან ამერიკული ბიზნესი, არამხოლოდ როგორც საქართველოში, არამედ როგორც რეგიონალურ საინვესტიციო ჰაბში, რადგან საქართველოდან შესაძლებელია ამერიკულმა კომპანიებმა ინვესტიციები და ბიზნესი განახორციელონ მთლიანად რეგიონში“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე ზურაბიშვილს: გმადლობთ, თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ მხარდაჭერას საქმიანობაში
შემდეგი სტატიაშალვა კერესელიძე ახალციხის, გურგალველის და კენჭაკლდეს მოსახლეობას შეხვდა