ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოს გარეშე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის კონფიგურაციის ცვლილებაზე საუბარი შეუძლებელია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოს გარეშე, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის კონფიგურაციის ცვლილებაზე საუბარი შეუძლებელია.

აღნიშნული კომენტარი თურნავამ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტთან დაკავშირებით ანკარაში ხელმოწერილ მემორანდუმზე გააკეთა.

„ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ჩვენი სტრატეგიული პროექტია, რომელიც შეესაბამება საქართველოს სუვერენულ ინტერესებს იმ ფორმით, რა ფორმითაც ის დღეს დამტკიცებული და შეთანხმებულია სამ სახელმწიფოს შორის, ანუ ჩვენს ტერიტორიაზე ლოგისტიკური ჰაბის მოწყობის ფორმით. ვერც ერთ ცალკეულ აღებულ მხარეს არ აქვს უფლება, ცალმხრივად შეცვალოს ეს მოცემულობა. ჩვენ ვახორციელებთ აღნიშნულ პროექტს იმ ფორმით, როგორითაც ის არის დამტკიცებული, შეთანხმებული და შეესაბამება ჩვენს სუვენენულ ინტერესებს. შეიძლება, გაიმართოს სხვადასხვა შეხვედრა, სხვადასხვა ფორმატში და ალბათ, სხვა თემატიკას მიძღვნილი. შეიძლება, საუბარი იყოს უბრალოდ ტვირთების მოზიდვაზე ჩვენს რეგონში, მაგრამ ჩვენს გარეშე შეთანხმების არც ერთი მხარე არ არის უფლებამოსილი, შეცვალოს რამე პროექტში, მით უფრო, ჩვენი ქვეყნის საზიანოდ. ვფიქრობთ, რომ ეს შეხვედრა დიდი ალბათობით ეძღვნებოდა სხვა თემატიკას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეები ჩვენს გარეშე არაუფლებამოსილები არიან, იმსჯელონ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის გადახედვაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ანკარაში რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა სამმხრივი მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიზანი ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლის უზრუნველყოფაა. რუსეთის რკინიგზამ ხელმოწერილ მემორანდუმთან დაკავშირებით ოფიციალური პრესრელიზი გაავრცელა, რომლის სათაურია „რუსული სარკინიგზო ლიანდაგი შესაძლოა, თურქეთამდე გაგრძელდეს“.

banner
წინა სტატიაშიშალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ შუალედურ არჩევნებზე საიას ანგარიში ცესკომ უნდა შეისწავლოს
შემდეგი სტატიაგუბაზ სანიკიძემ ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა