ნათია მიქელაძე – სამინისტროებიდან თანამშრომელთა მასობრივ გათავისუფლებას არ ველოდებით

სამინისტროების გაერთიანების თვითმიზანს თანამშრომელთა გათავისუფლება არ წარმოადგენს, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განაცხადა.

როგორც ჟურნალისტებს მიქელაძემ განუცხადა, შესაძლებელია გაერთიანების პროცესში თანამშრომლების თანამდებობრივი ცვლილება მოხდეს, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის გათვალისწინებით განხორციელდება.

მისი თქმით, ყველა პროფესიონალი თავის ადგილს შეინარჩუნებს, რადგან სახელმწიფოსთვის მათი რესურსის გამოყენება ღირებულია.

„ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა მმართველობის ყველა დონეზე იგეგმება. სამინისტროების გაერთიანება ამის ნაწილია და შერწყმის მიზანი ეფექტიანობის, ოპერატიულობისა და კოორდინაციის გაზრდაა, რაც გვესახება, რომ სამინისტროების გაერთიანების გზით უფრო განხორციელებადია“, – განაცხადა მიქელაძემ.

მისი განმარტებით, მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში მმართველობითი ხარჯი მშპ-სთან მიმართებაში 3,9 პროცენტზე მაღალი არ უნდა იყოს, რაც ყველა აღმასრულებელი უწყების ხარჯების ოპტიმიზაციას გულისხმობს.

„მმართველობით ხარჯებში მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების ბიუროკრატიულ ნაწილს, იმ ორგანოებს ვგულისხმობ, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას გააჩნია. მთავრობამ განაცხადა, რომ მცირე მთავრობის პირობებში ხარჯების ოპტიმიზაციას მოახდენს. ეს მხოლოდ გაერთიანებულ სამინისტროებს არ ეხება. ეს პროცესი მომავალში გაგრძელდება სამინისტროების გაერთიანებიდან დაწყებული ე.წ. შავი ჯიპების შესყიდვის თემით დასრულებული. მთავრობა საკითხს ყველა კუთხით გადახედავს და ხარჯებს დაზოგავს. არავინ ფიქრობს, რომ სამსახურიდან ადამიანები დათხოვნილი იქნებიან. მასობრივ გათავისუფლებას ჩვენ არ ველოდებით“, – განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად, მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილს სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება