ნათია მიქელაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წარდგენაზე – არ მგონია, ჩვენი ან პრეზიდენტის მხრიდან სურვილი იყოს, რომ ეს საკითხი დავის საგანი გახდეს

არ მივიჩნევ, რომ კანონმდებლობა ისე შეიძლება წავიკითხოთ, თითქოს პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად, ერთპიროვნულად შეუძლია,- ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ განუცხადა.

მიქელაძის განმარტებით, ცოტა ხნის წინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა და ახალი პროცედურა ახლებურად არის წარმოდგენილი.

“კერძოდ, თუ ადრე გათვალისწინებული იყო საქართველოს მთავრობასთან წინასწარი კონსულტაციების გავლა, ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტი კონსულტაციებს აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან გადის და ამის შემდეგ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურას შესაბამის მინისტრებთან ერთად წარუდგენს. ანუ, მთავრობასთან წინასწარი შეთანხმება, რაც აქამდე იყო, კანონმდებლობით აღარ არის გათვალისწინებული. კანონმდებლობა კონსულტაციებს ითვალისწინებს, რაც იმას გულისხმობს, რომ კონსენსუსი უნდა იყოს აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან. არ ვთვლი, რომ კანონმდებლობა ისე შეიძლება წავიკითხოთ, რომ დამოუკიდებლად, ერთპიროვნულად შეეძლოს პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების მიღება. არ მგონია, მმართველი გუნდის ან პრეზიდენტის მხრიდან სურვილი იყოს, რომ ეს საკითხი დავის საგანი გახდეს. რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია, პრეზიდენტი იმ პროცედურებს განახორციელებს”, – განაცხადა მიქელაძემ.

საქართელოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურის გადადგომასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს. მისი თქმით, აჭარის მთავრობის მეთაურთან დაკავშირებით არ არის გათვალისწინებული კონსულტაციები მთავრობასთან, გათვალისწინებული მხოლოდ პოლიტიკურ სუბიექტებთან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა. როგორც პატარაძემ აღნიშნა, რჩება „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად და გუნდთან ერთად ბევრი საქმის გაკეთებას აპირებს.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ფხალაძე : პირველად, საქართველო – ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში, სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით უმაღლეს დონეზე შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე : საგამოძიებო კომისია არასრულწლოვნებს ფსიქოლოგების მონაწილეობით დაკითხავს