ნათია მეზვრიშვილი ვერ აკონკრეტებს, როდის გაიხსნება 12 მაისს დახურული ღამის კლუბები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ვერ აკონკრეტებს, როდის გაიხსნება 12 მაისს პოლიციელების საგამოძიებო მოქმედებების გამო დახურული ღამის კლუბები.

როგორც ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა განუცხადა, გამოძიება გრძელდება და საგამოძიებო მოქმედებები კლუბებსაც უკავშირდება. შესაბამისად, მაქსიმალურად მოკლე დროში, როგორც კი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„გამომძიებლის მხრიდან ზეწოლის ფაქტს არ ვადასტურებ. გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს, მათ შორის იმაზეც, რომ თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ამ მიმართულებითაც მტკიცებულებების მოპოვება ხდება.

რაც შეეხება შს მინისტრის პარლამენტში გამოსვლას, მინისტრმა ძალიან დეტალურად ისაუბრა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე, სამომავლო გეგმებსა და 12 მაისს კლუბებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე.

დეპუტატებს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გახდა ჩხრეკის ჩატარების სამართლებრივი საფუძველი, რა გამოვლინდა აღნიშნული ჩხრეკის შედეგად, რა მტკიცებულებები გვქონდა მოპოვებული. ვფიქრობ, რომ დეპუტატები უნდა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ კლუბებში ჩხრეკის ჩატარების სამართლებრივი საფუძველი არსებობდა და შს სამინისტრო კანონის ფარგლებში მოქმედებდა. მინისტრმა ძალიან დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ განვითარდა მოვლენები კლუბის გარეთ ჩხრეკის ჩატარების შემდეგ და დეტალურად შეეხო, როგორც პოლიციელების ქმედებებს, ასევე განვითარებულ მოვლენებს. მათ შორის, იმ პირთა დაკავებებს, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის გამო იყვნენ დაკავებულები. მზად ვართ, ყველა კითხვაზე, რაც სამინისტროს საქმიანობასა და ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხება, საზოგადოებას ინფორმაცია ღიად მივაწოდოთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირეფორმები შინაგან საქმეთა სამინისტროში
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ვერ მანახებთ 12 მაისს კლუბში მყოფ ვერც ერთ ადამიანს, რომლის თავიდან ერთი თმის ღერი ჩამოვარდა