ნათია მეზვრიშვილი – „თბილისში მიმდინარეობს ახალი იზოლატორის მშენებლობა – როგორც კი დასრულდება, სახალხო დამცველის ეს რეკომენდაციაც შესრულებული იქნება“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ანგარიშში
ასახულ ფაქტებსა და მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა.

„ანგარიში ნამდვილად ობიექტურია და დეტალურად არის აღწერილი ყველაფერი,
უბრალოდ დათვლის მეთოდოლოგია, რომელიც სახალხო დამცველმა გამოიყენა, გასულ
წელს სხვანაირი იყო. მან ეს ციფრები დათვალა მხოლოდ და მხოლოდ ერთი
ინდიკატორით, მაშინ როცა რეალურად, ჩვენ თუ დავთვლით იზოლატორში
შესახლებული პირების საერთო რაოდენობიდან რამდენმა ადამიანმა გამოთქვა
პრეტენზია პოლიციის მიმართ დაზიანებებთან დაკავშირებით, ვნახავთ, რომ
შემცირება გვაქვს. მათ შორის შემცირება გვაქვს აჭარაშიც. მით უმეტეს, თუ
იმასაც გავითვალისწინებთ, რომ როდესაც ციფრებზე ვსაუბრობთ, მიყენებული
დაზიანებების რაოდენობაზე, ეს არის თვითონ დაკავებულების განცხადებაზე
დამყარებული ციფრები, რომელზეც შემდეგ პროკურატურა გამოძიებას ატარებს და
ზოგიერთ შემთხვევაში არ დასტურდება. ამიტომ მხოლოდ ამ ციფრებზე დაყრდნობით
საუბარი ალბათ არ იქნება სწორი. დამეთანხმებით, რომ ცოტა შეუსაბამოა, ერთი
მხრივ საუბრობდეს სახალხო დამცვლი, რომ პოლიციელთა მიმართ გამოთქმული
პრეტენზიების რაოდენობა შემცირებულია და მეორე მხრივ ასეთი მაჩვენებლები
იყოს. ამიტომ ინდიკატორი, რომელიც გამოყენებულია არის ერთი ინდიკატორი და
მე ამას ასე არ შევაფასებდი. კომპლექსურად სჭირდება ამას მიდგომა და
კომპლექსურად თუ ვუდგებით ვნახავთ, რომ მდგომარეობა არის სტაბილური,
მდგომარეობა არ არის საგანგაშო და პირიქით, პროცენტულად თუ შევხედავთ
გვაქვს ნამდვილად კლება. ექიმები გვყავს გადამზადებული, საკმაოდ
კვალიფიციური კადრები და ამ ადამიანებს არ ეპარებათ არაფერი. ჩვენ ამ
პრაქტიკის შეცვლას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხვალ ვიღაცამ შეიძლება ეს
უარყოფითად შეაფასოს, ნამდვილად არ ვაპირებთ. ვაპირებთ, რომ ამ დადგენილ
საერთაშორისო სტანდარტს გავყვეთ ბოლომდე.“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე სახალხო დამცველის იმ
რეკომენდაციაზე ისაუბრა, რომელიც ეხება სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში შესატან ცვლილებას, რომლითაც განისაზღვრება დაკავებული პირის
დაუყოვნებლივ გადაყვანას დროებითი მოთავსების იზოლატორში.

„ჩვენ ამ საკითხზე სახალხო დამცველთან არაერთხელ გვისაუბრია, მათ შორის
ბოლოს ვისაუბრეთ მანამ სანამ ეს ანგარიში გამოქვეყნდებოდა. ჩვენ არ
ვამბობთ, რომ ამის გაკეთების წინააღმდეგები ვართ, არამც და არამც. უბრალოდ,
ეს იქნება დაკავშირებული ინფრასტრუქტურულ ცვლილებებთან იზოლატორში.
ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელება იზოლატორში არც ისე მარტივია
და ეს ყველაფერი დაკავშირებულია დროსთან. იმიტომ რომ, როდესაც დაკავებულის
გადაყვანა ხდება პოლიციის განყოფილებებში, იქ ტარდება მთელი რიგი
საგამოძიებო მოქმედებები. რეალურად, მიზანი რაც სახალხო დამცველს
ამოძრავებს, უკვე მიღწეულია განყოფილებებში. შესასვლელი და გასასვლელი, ანუ
შიდა და გარე პერიმეტრი აბსოლუტურად ყველა განყოფილებაში არის აღჭურვილი
კამერებით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა იმისა, ვნახოთ როდის მიიყვანს
დაკავებული, როდის გამოიყვანეს, დაზიანებებით შეიყვანეს თუ გამოიყვანეს და
რა მოხდა საერთოდ შესვლა-გასვლის დროს – რაც არ არსებობდა აქამდე. მიზანი,
რომელზეც სახალხო დამცველი საუბრობს, ეს მიზანი უკვე დამონტაჟებული
კამერების პირობებში მიღწეულია. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ინფრასტრუქტურა
მომავალში მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დაკავებულები პირდაპირ
იზოლატორში შევიყვანოთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ უსაფრთხოების
საკითხები დგას დღის წესრიგში, ასე 10 და 20 ადამიანის იზოლატორში შესვლა
საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, არც ისე მარტივია და
უსაფრთხოებასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. თბილისში შეიძლება ამის
შესაძლებლობა მოგვეცეს, იმიტომ, რომ როგორც იცით უკვე მიმდინარეობს ახალი
იზოლატორის მშენებლობა.

თბილისის იზოლატორში ადმინისტრაციული პატიმრებისთვის ცალკე იქნება
ინფრასტრუქტურა მოწყობილი და მთლიანად იქნება გათვალისწინებული აბსოლუტურად
ყველა ის საჭიროება, რაც ადმინისტრაციული პატიმრობებისთვის უნდა
არსებობდეს, როგორც შიდა კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით
და ეს რეკომენდაციაც სახალხო დამცველის როგორც კი იზოლატორის მშენებლობა
დასრულდება, შესრულებული იქნება.„ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიერდოღანის პირველი სერიოზული მარცხი
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – არის თემები, რომელსაც პარტიის რიგებში ვერტიკალური მართვა სჭირდება