ნათია მეზვრიშვილი : საბჭოს ფორმატი არ შეიცვლება და არ დაემატება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი, მიზეზი არის ერთადერთი – აქ მიიღება სწრაფი გადაწყვეტილებები

საბჭოს ფორმატი არ შეიცვლება და არ დაემატება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი, მიზეზი არის ერთადერთი – აქ მიიღება სწრაფი გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საბჭო უნდა იყოს ქმედითი, რადგან ის მართავს ქვეყანაში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და აკისრია კონკრეტული პასუხისმგებლობა.

„უწყებათაშორისი საბჭო არ გახლავთ ფორმატი, სადაც არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები იხილება. ამაზე მუშაობს ცესკო და შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. ეს გახლავთ ფორმატი, სადაც კონკრეტული, სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღება. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ რაიმე ფორმით საბჭო გახდეს არაქმედითი. ჩვენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე სახალხო დამცველთან ძალიან ბევრ პლატფორმაზე გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობის ისტორია, მათ შორის კოვიდის მართვის პროცესში. მე არ მგონია, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას და სახალხო დამცველის ოფისის ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონოდა. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს. რაც შეეხება საბჭოს ფორმატის ცვლილებას, საბჭოს ფორმატი არ შეიცვლება და არ დაემატება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი. მიზეზი არის ერთადერთი – აქ მიიღება სწრაფი გადაწყვეტილებები. ეს საბჭო უნდა იყოს ქმედითი, საბჭო მართავს ქვეყანაში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და აკისრია კონკრეტული პასუხისმგებლობა. თუ ვინმეს უნდა, რომ ამ პროცესში წვლილი შეიტანოს, არაერთხელ ვთქვით – ჩვენ კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა გავერთიანდეთ, ჩვენ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციების თანადგომა. ამ ადამიანებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ცნობიერების ამაღლებაში, შეუძლიათ საზოგადოებას დაეხმარონ, როგორ დაიცვან წესები, მოუწოდონ, რომ გაიკეთონ პირბადე, დაიცვან დისტანცია. მათ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვთ ამ ყველაფერში და თუ ამ მხრივ შეიტანენ თავიანთ წვლილს, ჩვენ მხოლოდ მადლობლები ვიქნებით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაკის რაიონში ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან დაკავშირებით საინფორმაციო პავილიონები განთავსდა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის, ვოლტის და Mastercard-ის ახალი სპეცშეთავაზება Student Card-ის მფლობელებს