ნათია მეზვრიშვილი: „რაც მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარია, ამ კანონით ჩვენ ვიცავთ არასრულწლოვნებს მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან“

ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს და რომელიც პარლამენტმა 30 ნოემბერს მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა:

„მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ეს კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა, გაჩნდა გარკვეული კითხვები იმასთან დაკავშირებით რეალურად რა კანონპროექტთან გვქონდა საქმე. მოვისმინეთ ისიც, რომ თითქოს რაღაცის ლეგალიზაციასაც ვახდენდით; ან მთავრობა ისევ კულტივაციის თემას დაუბრუნდა, რაც რეალობას არ შეესაბამება. ეს გახლავთ მოხმარებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარების საკითხებს აქცევს მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში და პირდაპირ გვეუბნება – სად არის აკრძალული მარიხუანას მოხმარება. პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, კანონი უკვე მივიღეთ. ეხლა გარკვეული პროცედურები არსებობს – პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, შემდეგ უნდა გამოქვეყნდეს. ამისთვის პრეზიდენტს კანონით 10-დღიანი ვადა აქვს და გამოქვეყნებისთანავე ეს კანონი შევა ძალაში.

მე შევეცდები ძალიან დეტალურად ავხსნა, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელი იყოს რაზეა საუბარი და რეალურად რა იკრძალება, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ ჩვენს ეთერს უყურებენ მშობლები, დედები, მამები, შვილები პედაგოგები, ვისთვისაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რეგულაციები იცოდნენ და უბრალოდ ის ადამიანები, ვისაც ამ საკითხის მიმართ ინტერესი გააჩნიათ.

რაც მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარია, ამ კანონით ჩვენ ვიცავთ არასრულწლოვნებს მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან. ამ კანონით, მარიხუანას მოხმარება იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას. იკრძალება საჯარო სივრცეში, იკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, იკრძალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და კიდევ სხვა მრავალ შემთხვევაში.

ჩვენ ამ კანონით ვკრძალავთ არასრულწლოვნების მიერ არა მხოლოდ მოხმარებას, არამედ არასრულწლოვნების თანდასწრებით მოხმარებას. აკრძალულია საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საუბარია ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე – სკოლაზე, ბაღებზე. ასევე, აკრძალულია არასრულწლოვნების არა მხოლოდ თანდასწრებით, არამედ იმ ადგილისგან 150 მეტრის რადიუსის მოშორებით და იმ სივრცეში, სადაც არასრულწლოვნები ფიზიკურად იმყოფებიან. რეალურად, ჩვენ ამით არა მარტო არასრულწლოვნებს ვიცავთ მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან, არამედ გავითვალისწინეთ სხვა და სხვა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაც, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების, მათ შორის ბევრი ევროპული ქვეყნების პრაქტიკაც.

21 წლამდე ასაკის პირები მარიხუანას ვერ მოიხმარენ, ეს დაისჯება ადმინისტრაციული წესით. 21 წლამდე ასაკის პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების – ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება იგულისხმება – დაისჯება სისხლის სამართლის წესით“-აცხადებს შს მინისტრის მოადგილე.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია ნიკა რურუაზე-ზოგიერთებს მხოლოდ დროისა და გამორჩენის გამო გახსოვთ ფაქტები
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი: „სადაც დანაშაულის ფაქტი დასტურდება, მიუხედავად იმისა ვისი მხრიდან არის ჩადენილი დანაშაული ან ვინ არის ძალადობის მსხვერპლი, ვახდენთ ადეკვატურ რეაგირებას“