ნათია მეზვრიშვილი – ქურდობის ძირითად შემთხვევებში 14-18 წლის და 14 წლამდე არასრულწლოვნები ფიგურირებენ და საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის აღრიცხვიანობისადმი ახალი მიდგომის შემდეგ პირველი წლიური სტატისტიკა გამოაქვეყნა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, აღრიცხვიანობის გაუმჯობესების შედეგად რიგ დანაშაულებში რიცხვობრივი ზრდა დაფიქსირდა და ამის მაგალითი საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული – ქურდობაა.

„დანაშაულის მცირედ ნიშანს მაინც თუ შეიცავს შეტყობინება, ან ზოგჯერ, საერთოდ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს – მაგალითად, მოქალაქე მოდის და აცხადებს რომ ტელეფონი კი არ მოპარეს არამედ დაკარგა, მაგრამ პოლიციელს რეალურად ეჭვი აქვს რომ ეს იყო ქურდობა – ასეთ ფაქტებზეც იწყება გამოძიება. ანუ 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს რეგისტრაცია გაუმჯობესებულია და დანაშაულის ზრდის 44% მოდის ქურდობაზე. რაც შეეხება, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ქურდობას – ეს არის ის კატეგორია სადაც რეალურად ძალიან ბევრს ვმუშაობთ პრევენციაზე“, – განაცხადა მეზვრიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ ამ მიზნით 2018 წელს, ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების რაოდენობა გასამმაგდა და იგივე ტენდენცია 2019-შიც გაგრძელდება.

შს მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ქურდობის აქტუალობა ასევე დაკავშირებულია ამ დანაშაულში არასრულწლოვნების მონაწილეობასთან.

„ეს არის დანაშაულის ის კატეგორია, სადაც ძირითად შემთხვევებში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, ვგულისხმობ როგორ 14-18 წლის ისე 14 წლამდე პირებს, ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება და ბუნებრივია, ბრიფინგი ამ საკითხზე სასაუბროდ არ გვეყოფა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე-2019 წელი გამორჩეული იქნება პარლამენტის საზედამხედველო კომპეტენციების ახლებურად გააზრებისა და განხორციელების ინტენსივობის კუთხით
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ჩინელ ხალხს ახალ წელს ულოცავს