ნათია მეზვრიშვილი – მოვუწოდებთ ყველას, ნუ მოახდენთ სიტუაციის ესკალაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად

არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით შს მინისტრმა ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა.

როგორც მეზვრიშვილმა განაცხადა, ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის სამართალდამცველების მიერ დაკავებულია ხუთი პირი, ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის ორ საქმეზე.

„როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, დღეს პოლიციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით, საპოლიციო ძალები გადავანაწილეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, არაერთხელ მოვუწოდეთ ყველას, მათ შორის კოორდინატორებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს, რომ დაეცვათ კანონი და საფრთხე არ შეექმნათ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებისთვის.

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, სამწუხაროდ, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილი აქვს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, ასევე, დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებს.

რამდენიმე ფაქტზე პოლიციამ უკვე მოახდინა რეაგირება – ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულია ხუთი პირი, ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის ორ საქმეზე“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, შსს მაქსიმალურად ცდილობს, აღკვეთოს სამართალდარღვევები ისე, რომ ზიანი არ მიადგეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.

„ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, აშკარაა სიტუაციის გამწვავების მცდელობები და პროვოკაციები, სახეზეა პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა, მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ურთიერთ დაპირისპირებები, მათ შორის ე.წ. საარჩევნო სიებთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას – პოლიტიკურ პარტიებს, მათ მხარდამჭერებს, კოორდინატორებს თუ დამკვირვებლებს, დაიცავით კანონი და ნუ მოახდენთ სიტუაციის ესკალაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად, იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ყველა პროვოკაციის და დაპირისპირების პრევენცია და საარჩევნო პროცესი გაგრძელდეს მშვიდ ვითარებაში.

პოლიციისთვის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაიდენს სამართალდარღვევას ან დანაშაულს, ყველას მიმართ რეაგირება იქნება შესაბამისი,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის სპეცსამსახურები რუსული სკანდალის გამო ავსტრიასთან თანამშრომლობის რისკებზე საუბრობენ
შემდეგი სტატია,,სააკაშვილის განცხადებიდან გამოჩნდა, რომ მათ არ აინტერესებთ ხალხის ნება, არც კანონის უზენაესობა და არც საერთაშორისო საზოგადოების აზრი”