ნათია მეზვრიშვილი – კობახიძის ფანტაზიამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, თამამად შეიძლება ვუწოდოთ ჭორბიუროს თავმჯდომარე

კობახიძის ფანტაზიამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ისეთ მასშტაბებს მიაღწია, თამამად შეიძლება ვუწოდოთ ჭორბიუროს თავმჯდომარე – ეს ბრალდებაც რომ ჩამოგენგრევა თავზე, კიდევ ერთხელ ხომ დადასტურდება, რომ პარტიის თავმოყვარე თავმჯდომარე კი არა, ჩვეულებრივი ჭორიკანა კაცი ხარ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მეზვრიშვილი მმართველ გუნდს მიმართავს და ამბობს, რომ ვიდრე ისინი უკან მოიხედავენ, ოპოზიციაში აღმოჩნდებიან.

„მოკლედ, სახელმწიფოს დასუსტებაში გართულ „ოცნებას“ პერიოდულად ახსენდება, მისი ავტორიტარული მართვისთვის უდიდესი თავისტკივილი – გახარია და მისი პარტია, რომელმაც უკვე დიდი ხანია, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო „ოცნების“ ერთპიროვნული მმართველობის დასრულება.

ასეთ დროს ჩამოდგება ხოლმე ტრიბუნასთან და ფანტაზიას გზას უხსნის კობახიძე, რომლის ფანტაზიამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ისეთ მასშტაბებს მიაღწია, თამამად შეიძლება ვუწოდოთ ჭორბიუროს თავმჯდომარე.

მაგრამ მესმის „ოცნების“ – მძიმეა, თვალი გაუსწორო რეალობას, როცა ოპოზიციაში ხედავ პარტიას, რომელიც შექმნიდან 5 თვის თავზე წარმოდგენილია 53 მუნიციპალიტეტში 111 წევრით, 7 მუნიციპალიტეტში გადამწყვეტი ხმის უფლებით, 5 მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარით და 30-მდე ფრაქციით.

მძიმეა, როცა მიუხედავად უპრეცედენტო ცილისწამებისა, დეზინფორმაციისა და სისტემური დევნისა, ოპოზიციაში ხედავ პარტიას, რომელიც გამორჩეულია თანმიმდევრულობით, სახელმწიფოს (და არა პარტიის), ეროვნული ინტერესებისა და დასავლური ღირებულებების ერთგულებით.

მძიმეა, როცა აცნობიერებ, რომ ათასი სიბინძურის მიუხედავად, მისი დაზიანება ვერ მოახერხე და ხედავ, რომ პირიქით, პარტია ვითარდება და იმატებს შენი თავის ტკივილის ხარისხი.

მესმის, რომ ამის გამო, სასოწარკვეთაში ვარდები (თან როცა კომპლექსიანი ხარ), რაღაც „გამოსავალი“ უნდა იპოვო და მორიგ ჯერზე უხმობ ფანტაზიას. მაგრამ თავმოყვარე (კონსტიტუციონალისტობაზე და იურისტობაზე აღარ ვლაპარაკობ) ადამიანმა ამ დღეში მერამდენედ უნდა ჩაიგდო თავი.

სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება დააბრალე – დასაცინი გახდი; ნარკოტიკული დანაშაული დააბრალე – დასაცინი გახდი; სუს-ის ჩანაწერების გატანა დააბრალე – დასაცინი გახდი; სააკაშვილთან შეხვედრა დააბრალე – დასაცინი გახდი.

დღევანდელი ბრალდება ვინმემ რომ დაიჯეროს, ესენი ხომ უნდა დაამტკიცო. გუშინ რომ თქვი, მტკიცების ტვირთი დამბრალებელზეაო, ელემენტარული თავმოყვარეობა თუ გაქვს, დღეს შენივე ნათქვამი მაინც ხომ უნდა შეასრულო.

ეს ბრალდებაც რომ ჩამოგენგრევა თავზე, კიდევ ერთხელ ხომ დადასტურდება, რომ პარტიის თავმოყვარე თავმჯდომარე კი არა, ჩვეულებრივი ჭორიკანა კაცი ხარ. ამ დონეზე დასაცინი თავი როგორ უნდა გაიხადო.

მოკლედ, თქვენ ეს ბოდვები გააგრძელეთ და სანამ უკან მოიხედავთ, ოპოზიციაში აღმოჩნდებით“,- აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ისევ ხანძარია – ამჯერად ტიუმენში სავაჭრო ცენტრი იწვის
შემდეგი სტატიარუსეთის ფინალური მიზანი არა მხოლოდ უკრაინის აღება, არამედ ევროპის ცენტრისა და მისი აღმოსავლეთის დახლეჩვაა – ზელენსკი