ნათია მეზვრიშვილი : ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ჩვენ არ ვაწესებთ სისტემურ შეზღუდვებს, ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას წერტილოვანი შეზღუდვებით

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. მისივე თქმით, საქართველოში ზრდის ტენდენციის გაგრძელება მოსალოდნელია, თუმცა სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, არამედ კვლავ საუბარია წერტილოვან, ლოკალურ შეზღუდვებზე.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ელემენტარული წესების დაცვა, როგორიცაა პირბადის ტარება და დისტანცია.

„როგორ ხედავთ, მსოფლიოში იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, იზრდება საქართველოშიც. ზრდა მოსალოდნელია, დღეს 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აღნიშნულის მიუხედავად, ჩვენ არ ვაწესებთ სისტემურ შეზღდუვებს და ვაგრძელებთ სტრატეგიის მიხედვით სვლას. კერძოდ, ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას წერტილოვანი, ლოკალური შეზღუდვებით იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. მაქსიმალურად ვცდილობთ, დავიცვათ ბალანსი, ერთი მხრივ დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მეორე მხრივ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, რათა პოსტკრიზისულ პერიოდში შევინარჩუნოთ სწრაფი აღდგენის რესურსი. ამ მხრივ პოზიტიური ტენდენციები გვქონდა და მაქსიმალურად ვცდილობთ ტენდენციების შენარჩუნებას. მოგეხსენებათ, გასულ კვირას გაიმართა პრემიერის შეხვედრები მსხვილ დამსაქმებლებთან, ასოციაციებთან, აქ იყო როგორც საშუალო, ისე მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე ამ შეხვედრებზე ერთხმად ითქვა, რომ სწორედ ბალანსის დაცვა მოგვცემს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვირუსის მეორე ტალღასთან ბრძოლის პროცესში. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია ელემენტარული წესების დაცვით, პირბადის ტარებით და დისტანციის დაცვით“, – განაცადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსისგან 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან 8 თბილისში, 4 იმერეთში, 2 კი აჭარაში დაიღუპა