ნათია მეზვრიშვილი: „ჩვენ ვართ ბრალდების მხარე და ვაცხადებთ, რომ არა, იარაღი არ ჩაგვიდია, იარაღი ქონდათ და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გზით ამოვიღეთ“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გადაცემა „პირისპირში“ ლიხაურის ქუჩაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქეების ფაქტზეც ისაუბრა: „მე შევეცდები ის ინფორმაცია მოგაწოდოთ, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით არის შესაძლებელი. ფაქტია ერთი, რომ ეს ადამიანები დღეს დაკავებულები არიან სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლით – 236-ე მუხლზე ვსაუბრობ – ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა- შენახვის ბრალდებით. მათ უკვე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ეს არის კონკრეტული ბრალდება, რომელსაც მათ სახელმწიფო ედავება. ამის მიღმა, შემიძლია ასევე გითხრათ, რომ დიახ, საგამოძიებო ორგანოს აქვს გარკვეული ეჭვები იმ კავშირების შესახებ, თუმცა არ მინდა, რომ მოვლენებს გავუსწრო. ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვამოწმებთ. ამ გარემოებებს ვადგენთ. მათ შორის, ჩვენ ეს ეჭვები გაგვაჩნია თვითონ ბრალდებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის და შესაბამისი გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით, ამიტომ ჩვენ ამ ინფორმაციას ვამოწმებთ, დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ და როგორც კი ფაქტი იქნება დადასტურებული ბუნებრივია, საზოგადოების ინფორმირებას მოვახდენთ.

ბრალდების წარდგენა ზოგადად ხდება მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე. ეს დაცვის მხარის სტრატეგიაა და დაცვას უფლება აქვს ნებისმიერი საშუალებით დაიცვას თავი, მათ შორის განაცხადოს, რომ იარაღი ჩაუდეს, თუმცა ამისთვის არსებობს სასამართლო. ჩვენ ვართ ბრალდების მხარე, ჩვენ ვაცხადებთ, რომ არა, იარაღი არ ჩაგვიდია, იარაღი ქონდათ და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გზით ამოვიღეთ – ამაში ედებათ ბრალი. ბრალი ედებათ იმაში, რომ უკანონოდ ფლობდნენ ამ ყველაფერს და დანარჩენს უკვე ბუნებრივია გაარკვევს სასამართლო. ეს არის დაცვის მხარის პოზიცია, რის უფლებაც მათ აქვთ, თუმცა, ჩვენ ბუნებრივია ამას არ ვადასტურებთ-აცხადებს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი: „სადაც დანაშაულის ფაქტი დასტურდება, მიუხედავად იმისა ვისი მხრიდან არის ჩადენილი დანაშაული ან ვინ არის ძალადობის მსხვერპლი, ვახდენთ ადეკვატურ რეაგირებას“
შემდეგი სტატიანიკა რურუას 6 დეკემბერს დაკრძალავენ