ნათია მეზვრიშვილი : აუცილებლობის შემთხვევაში, ზაზა სარალიძეც გამოიკითხება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თუ გამოძიების პროცესში იმის აუცილებლობა დადგება, რომ ზაზა სარალიძე გამოიკითხოს, ის აუცილებლად გამოიკითხება.

როგორც ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა განუცხადა, ფარდულთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ფარდული ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით დაინგრა და ამაში არც ერთი თანამდებობის პირის ხელი არ ურევია.

„მით უმეტეს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ყველა მტკიცებულება რომელიც გამოძიებას სჭირდებდა, ამოღებული იქნა და შემთხვევის ადგილი დათვალიერებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას ინტენსიურ რეჟიმში ატარებს. მოწმეების გამოკითხვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც გამოძიება მუშაობს ისაა, რომ იმ პირთა წრე დავადგინოთ და იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენოთ, რომლებმაც პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედებაში მონაწილეობა მიიღეს. ასევე გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ.

როგორც კი იმ პირებს დავადგენთ, რომლებმაც ფაქტების დამახინჯებას რაიმე ფორმით, ფინანსური რესურსების თუ სხვა მეთოდების გამოყენებით, ხელი შეუწყვეს, დაუყონებლივ დავაყენებთ ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხს. მათ შორის, თუ გამოძიების პროცესში იმის აუცილებლობა დადგება, რომ ზაზა სარალიძე გამოიკითხოს, ის აუცილებლად გამოიკითხება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფრაქცია “საქართველოს პატრიოტებმა“ დროებით საგამოძიებო კომისიაში ადა მარშანია კომისიის თავმჯდომარის პოსტზე წარადგინა
შემდეგი სტატიაერგნეთის მოლაპარაკებებზე მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის საქმე იქნება – ქეთევან ციხელაშვილი