ნათია მეზვრიშვილი: 1 აპრილიდან, შსს-ს თბილისში არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ თქვა. მისივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას სოციალური მუშაკების ნაკლებობის აღმოსაფხვრელად; განათლების სამინისტრო ფსიქოლოგთა ბაზას შექმნის; ხოლო იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საკანონმდებლო წინადადებას, მართლმსაჯულების სფეროში მოწმის სტატუსით მოხვედრილი არასრულწლოვნების საქმეში ადვოკატის სავალდებულო წესით მონაწილეობაზე.

“2020 წლის 1-ლი აპრილიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება, სადაც იმუშავებენ არასრულწლოვნებზე სპეციალიზებული გამომძიებლები და ამ მიმართულებით შესაბამისი გადამზადება მენეჯმენტსაც გავლილი ექნება. არსებობდა გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც მოგვარებულია და შევთანხმდით, რომ სამმართველო აღჭურვილი იქნება შესაბამისი ვიდეოკამერებით, რომელიც ასახავს სრულ პროცესს სამმართველოში არასრულწლოვნის შესვლიდან გასვლამდე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ უნდა დაინერგოს ბავშვზე მორგებული გარემო რეგიონებში, შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე წარმოადგენს კონკრეტულ წესს, გაიდლაინს გამომძიებლებისთვის, რომელიც გამომძიებლებს კარნახობს, როგორ უნდა მოიქცნენ არასრულწლოვნებთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას. საუბარია, როგორც მოწმე არასრულწლოვანზე, ისე ბრალდებულ და დაზარალებულ არასრულწლოვანზე“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ განათლების სამინისტრო უახლოეს დღეებში შეიმუშავებს დოკუმენტს, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი პროცესი, ცალკეული შემთხვევის აღრიცხვიდანვე რას აკეთებს მასწავლებელი, სოციალური მუშაკი, მანდატურის სამსახური და როგორი იქნება ამ წესის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა თითოეული მიმართულებით.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, უწყებამ მომდევნო შეხვედრაზე უნდა წარადგინოს გეგმა, რა უნდა გაკეთდეს სოციალური მუშაკების ნაკლებობის პრობლემის მოსაგვარებლად.

გარდა ამისა, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გაძლიერდება მართლმსაჯულების სფეროში მოწმის სტატუსით მოხვედრილი არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმები.

“ამ მიზნით, იუსტიციის სამინისტრო იმუშავებს საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც პროცესში ადვოკატის სავალდებულო წესით მონაწილეობას გულისხმობს. საკანონმდებლო ინიციატივას, ფინანსური მხარის გაანგარიშებით, იუსტიციის სამინისტრო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრაზე წარადგენს, რომელიც 10 იანვარს გაიმართება” – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფი მას შემდეგ შეიქმნა, რაც 15 წლის ბიჭმა პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თავი მოიკლა. ჩვენების იძულების მიღების ბრალდებით დაკავებულია გამომძიებელი. გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის და ადვოკატის მტკიცებით, ბიჭზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას კიდევ რამდენიმე პოლიციელი ახდენდა.

banner
წინა სტატიაშიხალხის ხარჯზე რატომ უნდა ფუნქციონირებდეს ტელევიზიები, ეს არასწორია-კახა კალაძე
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა