ნათია მეზრიშვილი: „კობახიძესაც ვაფრთხილებთ და „ქართული ოცნების“ დღევანდელ ხელმძღვანელობასაც – ჩაატარონ სრულყოფილი გამოძიება. ნება იბოძონ, იმოქმედონ და გარემო დაასტაბილურონ.“

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგი ჩაატარა და საზოგადოებას აცნობა, რომ პარტია პროკურატურას მხარდამჭერებსა და წევრებზე მიმდინარე სისტემურ ზეწოლაზე მეშვიდედ მიმართავს.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, პროკურატურამ მხოლოდ 2-3 შემთხვევაზე თვალის ახვევის მიზნით დაიწყო გამოძიება, რომელიც დაშინებული დაზარალებულების გამოკითხვით შემოიფარგლება, რომლებიც შიშის გამო დუმან, სხვა საგამოძიებო მოქმედებები კი ამ 2-3 შემთხვევაზეც არ ჩატარებულა. ამიტომ პარტია „საქართველოსთვის“ ამჟამად ზეწოლის ფაქტების გამოძიების მოთხოვნას პროკურატურაში წერილობით შეიტანს და 100-მეტ დოკუმენტირებულ ფაქტს დაურთავს.

ნათია მეზვრიშვილმა მედიის შეკითხვას უკანონო მოსმენების ფაილების გამოჟონვაზე ირაკლი კობახიძის მხრიდან გიორგი გახარიასა და პარტია „საქართველოსთვის“ წევრზე ირიბი ბრალდების შესახებაც უპასუხა.

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები პრაქტიკულად აღარ არსებობს, ანუ ოცნებამ პრაქტიკულად მოსპო სახელმწიფო ინსტიტუტები ამ ქვეყანაში – აი ამას ვგულისხმობთ. ირაკლი კობახიძე არ არის სახელმწიფო ინსტიტუტი, ირაკლი კობახიძე არ გახლავთ პროკურატურა, არ გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტრო. კიდევ ბევრ რამეს ამბობდა ბატონი კობახიძე, კიდევ ბევრ რამეზე ჭორაობდა. ყველა მის ჭორაობაზე, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, ჩვენ მოვთხოვეთ მათ გამოძიების დაწყება. შევახსენებ პროკურატურას, რომ დაახლოებით ორი თვის წინ კობახიძის ერთ-ერთ პირველ ჭორზე გამოძიების დაწყება მოვითხოვეთ, რომელიც პოლიტიკურ განზომილებად შეაფასეს და რეაგირება ამაზე ვერ მოახდინეს, არადა სისხლის სამართლის ნიშნები იყო სახელმწიფოს ღალატზე და გახარიას მხრიდან სახელმწიფოს გადატრიალების თითქოსდა მცდელობაზე. ამიტომ, აი ამ ვარაუდების გამოთქმის ნაცვლად, არავის აქ არაფრის არ ეშინია და კობახიძესაც ვაფრთხილებთ და „ქართული ოცნების“ დღევანდელ ხელმძღვანელობასაც – თუ რამის თავი აქვთ, ჩაატარონ სრულყოფილი გამოძიება, რადგან სამწუხაროდ ისეთი გავლენის ქვეშ ჰყავთ მოქცეული ძალოვანი უწყებები, რომ ნდობა პრაქტიკულად ნულის ტოლია – ჩართონ საერთაშორისო ექსპერტები, ჩართონ სახალხო დამცველი და საზოგადოებას გამოუტანონ და დაუდონ სიმართლე. არავის არც დაკითხვაზე მისვლის ეშინია, არც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების ეშინია – ნება იბოძონ, იმოქმედონ და გარემო დაასტაბილურონ. რადგან ეს ყველაფერი ასე თუ გაგრძელდა, ძალიან ცუდად დამთავრდება, პირველ რიგში ქვეყნის იმიჯისთვის და რეპუტაციისთვის.“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: სუს-ი იყო საავადმყოფოში და დაატრენინგა ექიმები
შემდეგი სტატიაკირბალიდან ოკუპანტებმა მწყემსი გაიტაცეს