დილიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ვარდნილჰეს-3-ის ტერიტორიაზე, მაშველები 28 წლის გალელი ნათია ბახტაძის ცხედარს ეძებენ მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა შეყვარებულმა აინარ ცვიჟბამ აღიარა, რომ გოგო 28 ივლისს მანქანით გაიტაცა, სალონში გაგუდა, ცხედარი კი ენგურჰესის ერთ-ერთ კასკადში – ვარდნილჰეს-3-ში გადააგდო.
ნათია ბახტაძეს 28 ივლისიდან ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით, ნათია ბახტაძის ცხედრად შეცდომით იქნა მიჩნეული ოჩამჩირის რაიონში, ზღვის ნაპირიდან ოდნავ მოშორებით, ფიჭვნარში ნაპოვნი გოგონას ცხედარი, რომლის ამოცნობა შეუძლებელი აღმოჩნდა იმდენად, რამდენადაც გვამი გარეული ცხოველებისგან იყო დაზიანებული. მოგვიანებით, იქვე ახლოს, კიდფევ ერთი გოგოს ცხედარი იპოვეს – ორივე ცხედარს ძალადობის კვალი ეტყობოდა.
ვარაუდობენ, რომ ერთი მათგანი დრანდაში მცხოვრები, 30 წლამდე გოგოა, რომელსაც ოჯახის წევრები და ახლობლები, უკვე თვეზე მეტია, ეძებენ.
აინარ ცვიჟბას მამა პურის ფქვილის ბიზნესში ჩართული გავლენიანი პირია, ხოლო თავად აინარ ცვიჟბა კარგა ხანს გალის აფხაზურ ადმინისტრაციაში მუშაობდა. ის და ნათია ბახტაძე ერთმანეთს ხვდებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მას ნათია დაშორდა და საბუთებს ამზადებდა, რათა ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულიყო, რადგან ცვიჟბა გატაცებით ემუქრებოდა.
აინარ ცვიჟბა თავდაპირველად პოლიციაში მამასთან და ადვოკატთან ერთად გამოცხადდა და აღიარა, რომ ნათია ბახტაძე მართლაც გაიტაცა, მაგრამ მისი მიზანი ნათის ცოლად შერთვა იყო, მერე კი გოგო გაიპარა და ვერ გაარკვია, საით წავიდა, თუმცა, მისი მანქანის გადაადგილების მარშრუტის მოკვლევის შემდეგ, მას მოუწია აღიარება, რომ ნათია ბახტაძე სწორედ მან მოკლა.
















