“ნათელი იგი ბნელსა შინა სჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია”

“ნათელი იგი ბნელსა შინა სჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია”(იოანე 1,5).

საპატრიარქოს ადმინისტრაციის სამდივნო ცდილობს, რომ ნებისმიერი აზრი რომელიც განსხვავდება მათი პოზიციებისგან, წარმოჩინდეს ეკლესიის მტრობად, ქრისტეს ღალატად და სულიწმინდის გმობად, რაც ძალიან უტიფრული, ცილისმწამებლური და მადისკრედიტირებელი სპეკულაციაა თითოეული ჩვენგანისათვის, ვინც ვერ ვეგუებით გამრუდებულ სისტემას, მონათმფლობელურ რეჟიმს, რუსიფიკატორულ მდგენელსა და მმკ-სეულ კონიუქტურას!

მავანნი ცდილობენ, რომ თავიანთი უპასუხისმგებლო, არაკვალიფიციური და დემაგოგიური რიტორიკით მოახდინონ ჩვენი (თეოლოგებისა და ექსპერტების) მარგინალიზება, პროვოცირება და უსაგნო დავაში დისკურსის გადატანა. მომხვდურნი გვაბრალებენ, რომ ყოველი პირი, რომელიც ღიად და გულწრფელად საუბრობს ეკლესიის პრობლემებზე, არის მართული, ანგაჟირებული და მოტივირებული, რაც სხვა არაფერია, თუ არა უსირცხვილო და დემონური ინსინუაცია!

სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა რომ არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით აწარმოონ ოპონირება თუ პოლემიკა, ისინი ირჩევენ სიცრუის, ყბედობის, ჭორაობისა და სიზმართ-მეზღაპრეობის ტრაგიკომიკურ გზას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითების ჩვენი ბრძოლის სიჯანსაღესა და მართებულობაზე.

ჩვენი ამოცანაა, რომ სარწმუნოებრივი კეთილსინდისიერებით, მოქალაქეობრივი პატიოსნებითა და პროფესიული პასუხისმგებლობით საზოგადოების ყურამდე მივიტანოთ ობიექტური ინფორმაცია და სინამდვილე. ჩვენ გვიყვარს ჭეშმარიტება და არა კომფორტი!

საუბედუროდ, საპატრიარქოს მესვეურნი ვერ აცნობიერებენ შექმნილ რეალობას და აბსოლუტურად არაკონტექსტურ, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი სულაც გროტესკულ შეფასებებს აკეთებენ ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რაც საბჭოთა მენტალობის კლასიკურ რუდიმენტს წარმოადგენს.

P.S. ეკლესია უცდომელია, იმიტომ, რომ წმინდაა, რამეთუ მისი თავი ბრძანდება თავად მარადიული მღვდელმთავარი და ცოცხალი ღმერთი იესო ქრისტე! ეკლესია დგას არა ავტორიტეტებზე, არამედ სულიწმინდის ღვთივსულიერ განწესებაზე, მამათა გამოცდილებაზე და არა კონფორმისტული მენეჯმენტის ცოდვილ კოლეგიაზე! ღმერთი არავის კერძო საკუთრება არაა და შესაბამისად არც ეკლესიის, როგორც ცნების, პრივატიზების უფლება არა აქვს არცერთ ადმინისტრაციას! კორპორატიული აზროვნება და იზოლაციონიზმი, სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი მანკიერებების დაფარვის უბადრუკი მცდელობა, რასაც მდივან-რეფერანტის უწყება კადრულობს!

ეკლესია როგორც მისტიკური სავსება და ადმინისტრაცია (სტრუქტურის პერსონალი, ცალკეული იერარქი და კერძო კლირიკოსი) აბსოლუტურადად სხვადასხვა ცნებებია, ისევე როგორც მედიცინა და მედპერსონალი. იმის გამო რომ ვიღაც ექიმი ცუდია და ჩვენ ვწუნობთ, არ შეიძლება ეს ვინმემ აღიქვას მედიცინის გმობად! ამდენად, ყოველი მცდელობა საზოგადოების დეზორიენტირებისა და ჩვენზედ ჩირქისცხებისა არის სავსებით აბსურდული ლოგიკის მატარებელი და განმსჭვალულია მხოლოოდენ მტრული და ვერაგული პათოსით!

“თავისუფლებაზე მსჯელობა მონების საქმე არ არის” – ჟან ჟაკ რუსო

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი, თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

banner
წინა სტატიაშიმამა პეტრე: როდის უნდა შეწყდეს საბჭოთა სისტემის თაყვანისცემა ჩვენ ქვეყანაში?!
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილი: იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ ოხანაშვილის არჩევამ გამახსენა 1991 წ. შემოდგომაზე გამსახურდიას…