ნათელაშვილი: უარს ვამბობთ ყოველგვარ მანდატზე, მაგრამ ეს უნდა იყოს საყოველთაო

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ, თუმცა ეს გადაწყვეტილება საყოველთაო უნდა იყოს.

ნათელაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის გადაწყვეტილება ერთიანი არ იქნება, მანდატებზე უარის თქმა აზრს დაკარგავს.

“მანდატებზე უარის თქმა არის აუცილებლად სწორი, როდესაც დაშვებულია ამგვარი ბოროტებები არჩევნების დროს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება საყოველთაო და ყველა ოპოზიციური პარტია უარს იტყვის მანდატებზე.

თუ ისე მოხდა, როგორც 2008 წელს, როდესაც ჩვენ გვათქმევინეს უარი მანდატებზე, თვითონ შეცვივდნენ პარლამენტში და იქ უგალობდნენ ერთმანეთს ჰანგებს, ეს არის ხალხის გადაგდება და მოტყუება და ამ შემთხვევაში არავითარი აზრი არ აქვს პარლამენტზე და მანდატებზე უარის თქმას. იმედია გრეჩიხას და გამყრელიძის პრეცედენტი არ განმეორდება. ჩვენ უარს ვამბობთ ყოველგვარ მანდატზე იმ პარლამენტში, რომელიც შედგა ჩვენი ხალხის ცოდვით და უკანონობით, მაგრამ ეს უნდა იყოს საყოველთაო”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას – რას იზამს ლეიბორისტული პარტია, თუ ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთობა არ იქნება, ნათელაშვილმა არ ასე უპასუხა: “უნდა იყოს ერთობა, თუ არ იქნება, ამ შემთხვევაში ერთობის დამრღვევებს ვამხელთ ისე, რომ ვერასოდეს პოლიტიკაში ვერ მოტრიალდებიან”.

პარლამენტში შესვლაზე უარი უკვე თქვა პარტია ევროპულმა საქართველომ და ლელომ. კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არალეგიტიმურად უნდა იყოს ცნობილი. გუშინ, 1-ლ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა. აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება.

banner
წინა სტატიაშიბერძენიშვილი: რესპუბლიკური პარტია ცალკე პარლამენტში არ შევა
შემდეგი სტატია“ლელო” პარლამენტში არ შედის