ნათელაშვილი – თურქეთთან მეგობრული ურთიერთობა უნდა გვქონდეს, მაგრამ არ დავივიწყოთ წარსული

თურქეთთან უნდა გვქონდეს მეგობრული ურთიერთობა, პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ არ დავივიწყოთ ჩვენი ისტორია, წარსული, არ გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი წინაპრები სიმწრისგან საფლავში გადაბრუნდნენ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განცხადა.

დღევანდელ ბრიფინგზე ნათელაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტს და მთავრობის მეთაური ათათურქის მავზოლეუმში მისვლისა და მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავის გვირგვინით შემკობის გამო გააკრიტიკა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გვირგვინებით შეამკო ქემალ ათათურქის მავზოლეუმი. ეს ის ქემალ ათათურქია, რომელმაც 1921 წელს საბჭოთა ლიდერ, ვლადიმერ ლენინთან ერთად დაიპყრო საქართველო და გაიყო, რასაც შედეგად მოყვა ტაო კლარჯეთის და ე.წ. ბათუმის ოლქის ჩამოშორება დედა სამშობლოსგან, იქ არსებული ქართული კულტურის ძეგლთა სრული განადგურება, მილიონობით ქართველისთვის ქართული ენის გამოყენებაზე საკანონმდებლო აკრძალვა, ასიმილაცია, გენოციდი, მათი გათურქება და იმ დიდი საქარათველოს დაკარგვა, სადაც დაირწა ცივილიზაციის აკვანი. ამიტომ იქ მისვლა და გვირგვინებით შემკობა იგივეა, რომ ჩახვიდე მოსკოვში, გვირგვინით შეამკო ლენინის მავზოლეუმი და ასევე პატივი მიაგო შაჰ აბასის ხსოვნას.

ერი, რომელიც კარგავს ისტორიულ მეხსიერებას, ის დგება გადაშენების გზაზე. დროა, ეს ჩვენმა სახელისუფლებო ელიტამ კარგად გააცნობიეროს და გაიაზროს, ქართველი ერი არ გადაშენდება, მაგრამ მათ აუცილებლად გადავაშენებთ პოლიტიკიდან.

ეს ის ათათურქია, რომელსაც ჰიტლერი უწოდებდა თავის მასწავლებელს და საკუთარ პერსონას მიიჩნევდა ათათურქის შეგირდად. როგორ მიგაჩნიათ, ევროპის რომელიმე ლიდერი რომ მივიდეს პარიზში და გვირგვინებით შეამკოს ნაპოლეონის მემორიალი, ასეთი რამ არ მომხდარა, ამას არავინ დაუშვებს, რადგან ნაპოლეონმა დაღვარა სისხლი, თუმცა არც ერთი ერი არ გადაუშენებია, როგორც ჩვენი ქართველობა გადააშენა ათათურქის პოლიტიკამ.

ეს ის ათათურქია, რომელმაც კონსტანტინეპოლს სახელი შეუცვალა და 30-იან წლებში დაარქვა ისტანბული. უნდა ვიცოდეთ მტრის და მოყვარის გარჩევა. რა თქმა უნდა, თურქეთთან უნდა გქვონდეს მეგობრული ურთიერთობა, ახლო მეზობელია, პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ არ დავივიწყოთ ჩვენი ისტორია, წარსული, არ გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი წინაპრები სიმწრისგან საფლავში გადაბრუნდნენ. არ გავაკეთოთ ისე, რომ ცრემლი ღვაროს ოშკმა, ბანამ, რომელიც ჩამოანგრიეს და გადააქციეს ბოსლებად, მეჩეთებად. მე, როგორც ქართველს, არ შემეძლო, ეს არ მეთქვა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი – ბაიდენის პრეზიდენტობისას აშშ-სთან დაძაბულობა უფრო გაიზარდა, ვიდრე იყო ტრამპის და ობამას პერიოდში
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით რვა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა