ნათელაშვილი: სჯობდა სააკაშვილი ჩამოსულიყო მაშინ, როდესაც მოქმედებდა ყველა პარტიის გაერთიანება საკონსულტაციო ფორმატის სახით

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მოტივებით არის დაჭერილი და პოლიტიკური პატიმარია.

„ეს ჩვენ თავიდანვე ასე შევაფასეთ, მაგრამ სჯობდა, ის ჩამოსულიყო მაშინ, როდესაც მოქმედებდა ყველა პარტიის გაერთიანება საკონსულტაციო ფორმატის სახით, აღმავლობის პიკზე იყო პროცესები; არა ადგილობრივი არჩევნების წინ და მოწოდებით, რომ ხმა მიეცით „ნაციონალურ მოძრაობას“. აი, ამან მოახდინა დაპოლუსება „ოცნებასა“ და „ნაცებს“ შორის, რის გამოც მრავალპარტიული პროცესის გაძლიერება-ჩასახვის ეტაპი კვლავ დამუხრუჭდა გაურკვეველი დროით. ეს მთლად არ არის სასარგებლო არც ჩემთვის, არც სააკაშვილისთვის და არც ქვეყნისთვის“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„იწყება ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. რამდენიმე საათში ვიქნებით ვაშინგტონში, შეხვედრები მთავარ პოლიტიკურ ცენტრებში გველოდება – წარმომადგენლობითი პალატა, კონგრესი, სენატი, სხვა სტრატეგიული ცენტრები. დღეს საქართველოს მიათრევენ ახალ გეოპოლიტიკურ ალიანსში რუსეთის, ირანის და თურქეთის შემადგენლობით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაბრუნებენ ათათურქთან, ლენინთან, შაჰ-აბასთან და ამის თაობაზე არავინ აღარ საუბრობს. აღარც ახალი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე საუბრობს ვინმე, რომლის გარეშეც ხელისუფლების ცვლილებაზე საუბარი არის ზედმეტი ფანტასტიკა. აი, ყველა ამ პრობლემას, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნას, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ექნება განხილვისა და დისკუსიის ფართო ხასიათი ვაშინგტონში.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მედიაციის პროცესში ძალიან ბევრი იყო ჩართული, როგორც ვაშინგტონიდან, ასევე ბრიუსელიდან და ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია გავიდა ე.წ. შარლ მიშელის ხელშეკრულებიდან, ძალიან ნანობენ, რომ ამ მედიაციით გაიფუჭეს საკუთარი ავტორიტეტი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინა გარდაცვალა 42 ადამიანი
შემდეგი სტატიამე-12 ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის სამხედროებმა ნატოს შეფასების მე-2 დონის პროგრამა წარმატებით დაასრულეს